გკითხოთ მინდა: ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“ ბიჭებო? ერთხელ ხომ „შეგეწერათ“, როდესაც მოსამართლეები დაგისანქცირეს, მეორედ „შეგეწერათ „ის ცნობილი გინება, ბატონი მდინარაძე რომ იმუქრებოდა აქ და პირდაპირ გითხრათ აშშ-მა, რომ თქვენ მიერ ნაქები ყოფილი გენერალური პროკურორი არის რუსეთის აგენტი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა იძულებულია დაიცვას ოთარ ფარცხალაძე, რადგან არავინ არ იცის, რა კომპრომატები შეიძლება ჰქონდეს მას მმართველი ძალის წინააღმდეგ.
„გკითხოთ მინდა: ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“ ბიჭებო ? ერთხელ ხომ „შეგეწერათ“, როდესაც მოსამართლეები დაგისანქცირეს, მეორედ „შეგეწერათ“ ის ცნობილი გინება, ბატონი მდინარაძე რომ იმუქრებოდა აქ და პირდაპირ გითხრათ აშშ-მა, რომ თქვენ მიერ ნაქები ყოფილი გენერალური პროკურორი, ადამიანი, რომელიც დღესაც ჩართულია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებაში, რომელიც არის უახლოესი გარემოცვის წევრი, ბიძინა ივანიშვილის და ბერა ივანიშვილის ნათლიმირონი, არის რუსეთის აგენტი.
თქვენ ახლა გადმოდექით და ყველა ერთად იცავთ, იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რა აქვს თქვენზე ფარცხალაძეს, ამიტომაც იძულებულები ხართ ასე დაიცვათ. ამ ადამიანზე გითხრეს, რომ არის რუსეთის აგენტი და თქვენ, რომ ასე იცავთ, გამოდის, რომ თქვენც ხართ რუსეთის აგენტები. ჩვენ ეს დიდი ხანია ისედაც ვიცოდით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან. რას აკეთებს ამ დროს სუს-ი, ის აქციეთ სამარცხვინო ორგანიზაციად, რომელმაც აშშ-სგან გაიგო თურმე, რომ რუსების აგენტია ყოფილი გენერალური პროკურორი, თვითონ ეძინა და არ იცოდა, იმიტომ, რომ ოპონენტების დევნით იყო დაკავებული და გამოდის და კიდევ ზღაპრებით ცდილობს კვებოს საქართველოს მოქალაქეები. არადა, სუს-ის კომპეტენციაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ხომ ვერ მეტყვით, კიდევ რამდენი დაფრინავდით სამთავრობო ჩარტერით ღარიბაშვილთან ერთად ან როგორ შეძლო ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ 100 ათასის გადახდა? რატომ დადიოდა გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე, ქალაქის მერი კალაძე, ხან დუბაიში გადაუდებელი აუცილებლობით სამთავრობო თვითმფრინავით, ხან პარიზში, ხან მილანში და ხომ არ გავიწყდებათ, რომელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ? იმ, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ, სადაც 35% ბავშვების სკოლებში ჯერ კიდევ შიმშილობს და იმ ქვეყნის მაღალჩინოსნები ხართ, სადაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან გარბიან“, - განაცხადა წითლიძემ.