უნდა ვიყო ძალიან მკაფიო და ძალიან გულწრფელი. აშკარაა, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრეა. "ბატონი პუტინი რეალურად არის ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრე. მე მხოლოდ ლიდერის სიტყვებიდან გამომდინარე ვამბობ ამას. ბატონი პუტინი ამ ომის რაც შეიძლება მალე დამთავრების მომხრეა. მას ასე თქვა და მე მჯერა მისი სიტყვების", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ამასთან, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე საუბრისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დასავლეთზე არანაკლებ ენდობა.
"არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვენდო მათ. რუსეთი იმდენად სანდოა, რამდენადაც დასავლეთი. ბოლო 50 წელია, ევროკავშირის კართან ვიცდით და ამ მომენტში რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს", - აღნიშნა ერდოღანმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ ის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას უკრაინასთან ომში უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს, თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ აზრს არ ეთანხმება.