ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ადასტურებს, რომ კიევში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, შეხვედრა უახლოეს კვირებში გაიმართება. "რამდენიმე წინადადება წარვადგინე, მინისტრები გააგრძელებენ განხილვას და იმ შეხვედრის მომზადებას, რომელიც მომდევნო კვირებში კიევში გვექნება", - აღნიშნა ბორელმა.
მანამდე, იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-მ სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კიევში შეხვედრისთვის ემზადება. შეხვედრის მიზანი პოლიტიკური ინტეგრაციის გზის გაგრძელება, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის კრიტიკულ ეტაპზე უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.