საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
ეკა ბესელიას ვარაუდით, დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ძირითადად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ესაუბრება.
“ფორმატი არ ვიცი, მაგრამ პრეზიდენტის წარმომადგენელმა მთხოვა დღეს შეხვედრაზე მოსვლა. ეს პირველი შეხვედრა არ არის, რეგულარული შეხვედრების ფორმატი გვაქვს. ყველაზე მთავარი, რაზეც ბოლო პერიოდში ვსაუბრობთ, ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. პრეზიდენტი ფიქრობს, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს. რა შეგვიძლია ჩვენც გავაკეთოთ, რომ იყოს თანხმობა და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პოლარიზაციის დასრულებას და რაღაცნაირად ამ საერთო მიზნის ირგვლივ კოორდინაციას, ალბათ, ეს იქნება დღესაც სასაუბრო თემა”, - განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მომიწვიეს. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობა. სიმართლე გითხრათ, მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ასეთი დაძაბული ვითარება ყოფილა საჯარო და კერძო სექტორს შორის. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დღეს, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკავშირის არის პოლარიზაციის შემცირება და ვფიქრობ, რომ აი, ამ მიზანს ეს შეხვედრა ემსახურება.
თუ ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ცხადია, ყოფილი პროკურორის სანქცირება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირების მხრიდან შესაძლო კორუფციული ფაქტები, ასევე, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. აგრეთვე, ევროკავშირში ინტეგრაციაც მნიშვნელოვანი საკითხია”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.