ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე საპროტესტო აქციების მორიგი ტალღის თავიდან ასარიდებლად 260 ადამიანი დააკავეს. ნაწილს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ნაწილს კი საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებისა და იარაღის შენახვა წაუყენეს ბრალად. მაჰსა ამინის მამამ ერთი წლისთავზე სამგლოვიარო მსვლელობაც დააანონსა, თუმცა ამის შემდეგ ის პოლიციაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს. მასშტაბური აქციების ჩახშობის გამო ევროკავშირმა, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ ირანის წინააღმდეგ 15 სექტემბერს ახალი სანქციებიც დააწესეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ნაბიჯს უკანონო და არადიპლომატიური უწოდა. შეგახსენებთ, მაჰსა ამინი 2022 წლის 16 სექტემბერს „მორალის პოლიციის“ მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, ის სასტიკი მოპყრობის შედეგად დაიღუპა. ფაქტს ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციებზე დაპირისპირების შედეგად, 550-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.