საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე C ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოც ასპარეზობს. ფიჯის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში 22:15 მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ ედი ჯონსის გუნდი ოპტიმალური ფორმიდან შორსაა, თავისუფლად შეიძლება, რომ ამ შედეგს ტურნირის პირველი სენსაცია ვუწოდოთ.
პირველი ქულები "ვოლაბებს" ბენ დონალდსონმა ჯარიმის შედეგად მოუპოვა, რასაც შემდეგ სიმიონე კურუვოლის ორი ჯარიმა მოჰყვა. ავსტრალიელებმა ლელოს დადება და 2 ქულით წინ გასვლა მოახერხეს - ფიჯის უყურადღებობის შემდეგ მარკ ნავაქანიტავასე გამოირჩა. კუნძულელები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და აშკარა უპირატესობის შედეგად გამომუშავებული ჯარიმებით კურუვოლიმ თავის გუნდს 6 ქულა წაუმატა და შესვენებაზე ფიჯი 4 ქულით იგებდა.
ედი ჯონსს მეორე ტაიმში თითქოს სიტუაცია უნდა შეეცვალა, მაგრამ ფიჯი ავსტრალიას ისევ ჯობდა, რაც ანგარიშშიც აისახებოდა. მეორე ნახევრის დასაწყისშივე, 43-ე წუთზე შეცდომა ამჯერად "ვოლაბებმა" დაუშვეს, რითაც ტუისოვამ ისარგებლა და ლელო დადო, გარდასახვა კი კურუვოლიმ შეასრულა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ამას მალევე ლომანის ჯარიმაც მოჰყვა და სხვაობა უკვე ორი გარდასახული ლელო იყო. მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ავსტრალიელებს შანსი ვუნივალუმ შეუნარჩუნა და ლელოც გაიტანა, ბენალდსონმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მიუხედავად ამისა, ედი ჯონსის გუნდმა მაინც ვერ მოახერხა მატჩის შემოტრიალება და დამარცხდა.
C ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ამ შეხვედრაში ფიჯიმ 4 ქულა მიოიპოვა და 6 ქულა გაუხდა, ავსტრალიელებმა კი 1 ბონუს-ქულა მოიპოვეს და მათაც 6 ქულა აქვთ, პირველ ადგილზე უელსია 10 ქულით.