ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში მდებარე ერთ-ერთ საავიაციო ქარხანას ეწვია. რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საავიაციო ქარხნის საინჟინრო ცენტრისა და საწარმოო საამქროების მუშაობას გაეცნო. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული დაწესებულება ქვეყნის უდიდესი საავიაციო მწარმოებელი ქარხანაა, სადაც საბრძოლო თვითმფრინავებს აწყობენ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, კიმ ჩენ ინი ასევე საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში გაემგზავრება, სადაც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო შესაძლებლობებს გაეცნობა. შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში სამშაბათს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ვლადიმერ პუტინს. პუტინმა გამართულ მოლაპარაკებებს „უაღრესად პროდუქტიული" უწოდა. მისივე თქმით, შეხვედრა რეგიონულ და ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.