საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და ის 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ხელფასების ზრდას, ასევე უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და მიმართული იქნება ჯანდაცვისკენ, განათლებისკენ, ეკონომიკისა და სხვა სფეროებისკენ.
ღარიბაშვილის თქმით, დაკორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტს წარედგინება.
„იცით, რომ ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5% ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები, 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ უკვე მესამე წელია ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით. 2021-ში მოხდა ეს, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, ასევე შარშან, 2022 წელს და წელსაც 500-ზე მეტი მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი. იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება შევძელით ბოლო წლებში, იგივე სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა; სოციალური დახმარებები გავზარდეთ - ეს არის წელიწადში ნახევარ მილიარდზე მეტი; ხელფასები გავუზარდეთ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები, ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იანვარში ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი. ჯამში პოლიციელს და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა, ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა. ჩვენ ასევე დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ სხვა სოციალური მიმართულებები, ჯანდაცვა. გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უმაღლესი დონის კლინიკებში. ამას პირადად მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს. ჩვენ ასევე ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, განათლების, ეკონომიკის, ჯარის მიმართულებით. ასევე მინდა მოკლედ გითხრათ, რომ ჩვენ ამ დაკორექტირებულ ბიუჯეტს წარვუდგენთ პარლამენტს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მუშაობა უკვე დაწყებულია 2024 წლის ბიუჯეტზე, რომლის პირველ ვერსიას პარლამენტს დაახლოებით 29 სექტემბერს წარუდგენენ.
„უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ ბიუჯეტზე, 2024 წლის ბიუჯეტზე. მქონდა რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და მის გუნდთან, ასევე ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც განვიხილეთ ბიუჯეტის პირველი ვერსიები და თვის ბოლოს, დაახლოებით, 29 სექტემბერს პირველ ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში წარვუდგენთ უკვე განახლებულ ვერსიას პარლამენტს და ნოემბერში უკვე მესამე ვერსიას წარვუდგენთ მას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.