UFC-ის მებრძოლმა რომან დოლიძემ (12-2) ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დერეკ ბრანსონი (23-9) მასთან ჩხუბს ჩაეხსნა და ქართველმა დივიზიონის ერთ-ერთი ტოპ სპორტსმენი, ავსტრალიელი რობერტ უიტეკერი (24-7) გამოიწვია.
რომანი, ამჟამად, საშუალო წონის რეიტინგში მე-7 ნომერია და ბოლო ჩხუბი მარვინ ვეტორისთან (19-7) საკამათო გადაწყვეტილებით დათმო. იტალიელთან გამართული მატჩის შემდეგ 6 თვე გავიდა, ქართველს ბრანსონთან ოქტომბერში უნდა ეჩხუბა, მაგრამ მეტოქის გარეშე დარჩა.
"დერეკ ბრანსონი დაპირისპირებას გამოეთიშა. რობერტ, გავიგე, რომ წლის ბოლომდე ბრძოლა გინდა, მოდი ვიჩხუბოთ! ნოემბერში ან დეკემბერში. თუ უიტეკერი არა, იქნებ ჯარედ კანონიერი დამთანხმდეს," - დაწერა დოლიძემ ტვიტერზე.
რობეტ უიტეკერი UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონია, რომელმაც ქამარი მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჯორჯ სენ პიერმა (26-2) კარიერა დაასრულა. უიტეკერმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ რომან დოლიძესთან ჩხუბს განიხილავდა, რადგან შონ სტრიკლენდთან (28-5) ერთად ქართველი ერთადერთი ტოპ მებრძოლია, რომლის წინააღმდეგაც ავსტრალიელს არ უჩხუბია. შონი ახლა დივიზიონის ჩემპიონია და რობერტს რეიტინგში დოლიძის წინ მყოფი მებრძოლებიდან, მხოლოდ პაულო კოსტასთან (14-2) არ ჩაუტარებია მატჩი. თუმცა ბრაზილიელს ხამზატ ჩიმაევთან (12-0) აქვს ჩანიშნული ჩხუბი, შესაბამისად, უიტეკერისთვის რეალური ვარიანტი რომან დოლიძე გახლავთ.