* ‘’კაპერნაუმი’’ (Capernaum, 2019, ნადინ ლაბაკი) -
‘’ახლოაღმოსავლური ნეორეალიზმი, გულწრფელი დრამა უფროსების სასტიკ სამყაროში დაკარგულ და ცხოვრებაზე განრისხებულ მოზარდზე’’, - სწორედ ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა ლიბანელი რეჟისორის ნადან ლაბაკის პირქუში, თუმცა საოცრად შთამბეჭდავი ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მოიპოვა და არა მხოლოდ ლიბანური, არამედ აფრიკული კინოს ნამდვილ შედევრად იქცა.
* მოკლე სიუჟეტი -
ფილმის მთავარი გმირი - 12 წლის ლიბანელი ბიჭუნა, რომელსაც არც მშობლების სიყვარული და მზრუნველობა უგრძნია არასდროს, არც ნორმალური ცხოვრების პირობები აქვს, ადრეული ასაკიდანვე იძულებულია იმუშაოს და მოზარდისთვის მეტად მძიმე სამუშაო შეასრულოს. ზეინის ერთადერთი ოცნება იმ ჯურღმულებიდან თავის დაღწევაა, სადაც ბავშვებს არასდროს აქვთ მომავალი, რადგან ან სიღატაკისთვის არიან განწირული ან შეძლებული მეზობლის მონობისთვის, თუმცა ნანატრი თავისუფლების ნაცვლად, ზეინი საპატიმროში ხვდება, სადაც საკმაოდ მძიმე სასჯელი ელის.
* ‘’წართმეული ბავშვობა’’ –
სწორედ სასამართლოს სცენით იწყება ფილმი, თუმცა ამჯერად ზეინი არა ბრალდებული, არამედ ბრალმდებელია, რადგან თვითონ უჩივის მშობლებს, ‘’მათ მე სიცოცხლე მომცეს’’, - სწორედ ასე პასუხობს ბიჭუნა მოსამართლეს, რომელიც უფროსების დანაშაულით ინტერესდება. შესავალი ეპიზოდის შემდეგ, ფილმის რეჟისორი ნადინ ლაბაკი ზეინის წარსულზე, მის ცხოვრებაზე მოუთხრობს მაყურებელს და მხოლოდ იშვიათად ბრუნდება აწმყოში, რათა განმარტოს მოზარდის სასოწარკვეთის მიზეზი და ახსნას, რატომ დაკარგა ასე ადრეულ ასაკში ცხოვრების სურვილი და ხალისი.
‘’საკუთარი მშობლების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილის ეპიზოდი ბავშვების ბრაზს და აგრესიას ასახავს. მოზარდები, რომელთაც შევხვდი, თვითონ ამბობდნენ, რომ საერთოდ არ უნდოდათ დაბადება და თვითმკვლელობით სცადეს სიცოცხლის დასრულება. შესაძლოა, ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ უმეტესობამ არც საკუთარი დაბადების თარიღი იცის, არც დაბადების დღე აღუნიშნავს არასდროს. მართალია, ზოგი ახერხებს კოშმარული სამყაროდან, მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას, მაგრამ უმეტესობა მაინც შაბლონს იმეორებს, იმავეს აკეთებს, რასაც მისი მშობლები და ერთ დროს სისასტიკის მსხვერპლი, ზრდასრული თვითონ ხდება სასტიკი მოძალადე’’, - აღნიშნა ლაბაკიმ, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ყველა ბოროტების მთავარი მიზეზი სწორედ წართმეული ბავშვობაა.
* ზეინი -
ზეინის ასაკი არც მისმა მშობლებმა იციან, რადგან ჯურღმულების ათასობით ბავშვის მსგავსად ისიც ოფიციალური დოკუმენტების გარეშე გაიზარდა. მართალია, ზეინი მოზარდია, მაგრამ უსუსური მშობლების ფონზე სწორედ ის ტოვებს ერთადერთი ზრდასრულის შთაბეჭდილებას, რადგან ოჯახის წევრებს შორის მხოლოდ მას შეუძლია საღად აზროვნება და უმცროს და-ძმაზე ზრუნვა. თუმცა, ზეინის სიძლიერისა და სიმტკიცის დემონსტრირებით, რეჟისორი არ ცდილობს მის რომანტიზირებას, პირიქით, საოცარი დამაჯერებლობით აღწერს მოზარდის ცხოვრებას და სინანულით აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ბავშვობა ძალიან სასტიკი და უმოწყალოა.
სახლიდან გაქცეული და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ზეინი იძულებულია მარტომ იბრძოლოს გადარჩენისთვის, მით უფრო, რომ შემთხვევით გაცნობილი ახალგაზრდა ქალის - რახილის ჩვილზეც მას უწევს ზრუნვა. მართალია, ბიჭუნას არც მანამდე ჰქონდა ტკბილი ცხოვრება, მაგრამ ახლა საერთოდ აუტანელი გახდა მისი ყოფა. მოზარდი იძულებულია იქურდოს და ივაჭროს ნარკოტიკებით, რათა გადარჩეს იმ სამყაროში, სადაც ყოველი შემდეგი დღე წინაზე უარესია.
* ნადინ ლაბაკი -
ლაბაკის განცხადებით, ფილმის გადაღება სამი წლის სირიელი ლტოლვილის აილან კურდის ტრაგიკულმა სიკვდილმა გადააწყვეტინა, რომელიც 2015 წელს დაიღუპა, როცა მშობლებთან ერთად სცადა ხმელთაშუა ზღვის გადალახვა. თურქეთის სანაპიროზე გამორიყული ბიჭუნას ფოტომ ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, მეტად ემოციური და შემაშფოთებელი აღმოჩნდა ტრაგიკული შემთხვევა თავად ნაბაკისთვისაც, ‘’მახსოვს, ფოტოს შევხედე და ჩემთვის ვიფიქრე, ბავშვმა, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, მხოლოდ ტკივილი იგემა და ტკივილითვე დაიღუპა. ვინ აგებს პასუხს ემიგრანტებზე და განსაკუთრებით ბავშვებზე, ვისთვისაც ხშირად სიცოცხლე სიკვდილზე უარესია’’, - რიტორიკული კითხვა დასვა ლაბაკმა და პირველ რიგში დასავლურ სამყაროს მიმართა.
მართალია, სირიის ომის დროს ლიბანმა მილიონობით ლტოლვილი შეიფარა, მაგრამ ქვეყანა თვითონ განიცდიდა ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ემიგრანტებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობაზეც მძიმედ აისახა, ‘’ქუჩებში მაწანწალა ბავშვები მომრავლდნენ, რომელთა შორის არა მხოლოდ ლტოლვილები, არამედ ლიბანელებიც მრავლად იყვნენ, ზოგი წვრილმანებით ვაჭრობდა, ზოგი საწვავით სავსე კანისტრებს ეზიდებოდა, ზოგი კი, ტკბილეულის მოპარვას ცდილობდა. დიდხანს ვფიქრობდი ფილმის სიუჟეტზე, ერთგვარ აკვიატებულ აზრადაც კი იქცა, ერთხელ ღამით კი, პატარა ბიჭუნას გადავაწყდი ქუჩაში, რომელსაც ძალიან უნდოდა დაძინება, თუმცა იმდენად მოუხერხებლად იჯდა, რომ ვერაფრით ახერხებდა ჩაძინებას. სწორედ მაშინ ვიგრძენი საკუთარი პასუხისმგებლობა, მივხვდი, რომ აღარ შეიძლებოდა თვალის დახუჭვა და აუცილებელი იყო მოქმედება’’, - აღნიშნა რეჟისორმა BBC-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ნადინ ლაბაკის სადებიუტო ფილმი ‘’კარამელი’’ რადიკალურად განსხვავდება ‘’კაპერნაუმისგან’’. 2007 წელს გადაღებულ მსუბუქ მელოდრამაში ახალგაზრდა ქალბატონებზე, რომლებიც სილამაზის სალონში მუშაობენ, რეჟისორმა ელეგანტურად აუარა გვერდი სიღატაკეს, მოსახლეობის გაუსაძლის ყოფას და სწორედ ის ბეირუთი აჩვენა, რომელსაც ბევრი ‘’აღმოსავლეთის მონტე-კარლოს’’ უწოდებს, ‘’კაპერნაუმში’’ კი, პირიქით, უარი თქვა კომპრომისებზე და მთელი სიცხადით ასახა ის სინამდვილე, რომლის დაჯერებაზე ხშირად თავად ლიბანელებიც უარს ამბობენ.
* ზეინ ალ-რაფეა -
მთავარი გმირის ძიებაში ლაბაკი მთელი ოთხი წელი იკვლევდა ბავშვების ცხოვრებას ლიბანის ჯურღმულებში, საუბრობდა მოზარდებთან თავშესაფრებსა და სოციალურ ცენტრებში, კოლონიებსა და ღარიბ კვარტლებში, საბოლოო არჩევანი კი, ზეინ ალ-რაფეაზე შეაჩერა და მთავარ პერსონაჟსაც მისივე სახელი დაარქვა. მართლია, ლაბაკმა სერიოზულად გარისკა, როცა წამყვანი როლი არა პროფესიონალ მსახიობს, არამედ მოზარდს ჩააბარა, მაგრამ რისკმა გაამართლა. ზეინმა ბრწყინვალედ გაართვა თავი რთულ ამოცანას, საოცარი გულწრფელობით, რეალიზმით შექმნა ჯურღმულებში გაზრდილი ბიჭუნას სახე და კრიტიკოსების აღფრთოვანებაც დაიმსახურა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან პრაქტიკულად საკუთარი თავი განასახიერა.
ზეინის მშობლებს - ომს გამოქცეულ სირიელ ლტოლვილებს სწორედ ბეირუთის ჯურღმულებში მოუწიათ დასახლება. მოზარდმა საკუთარ თავზე გამოცადა სიღატაკეში ცხოვრების ყველა სიმწარე, ამიტომ მისი განცდა და ტკივილი საოცრად ბუნებრივი და დამაჯერებელი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ფილმის გამოსვლის შემდეგ ზეინმა, რომელიც რამდენიმე პრესტიჟული პრემიით დაჯილდოვდა, ოჯახთან ერთად მიიღო თავშესაფარი ნორვეგიაში და საბოლოოდ მაინც შეძლო ჯურღმულებიდან თავის დაღწევა და იმ თავისუფლების მოპოვება, რომელსაც მისი გმირი ნატრობდა.
* არაპროფესიონალი მსახიობები -
არაპროფესიონალმა მსახიობებმა განასახიერეს ფილმის სხვა პერსონაჟებიც. იორდანას შიფეროუ, რომელმაც არალეგალი ემგრანტის რახელის როლი შეასრულა - ერიტრიელი ლტოლვილია. მეტიც, ფილმში მისი პერსონაჟის დაპატიმრების შემდეგ, შიფეროუ რეალურ ცხოვრებაშიც საპატიმროში მოხვდა, ფილმის პროდიუსერებს კი, მთელი ორი კვირა დასჭირდათ მის დასახსნელად.
არალეგალი ემიგრანტია რახილის შვილი - 9 თვის ბოლუფატიფ ბანკოლიც, რომელსაც სკეიდბორდითა და უზარმაზარი ქვაბით გაკეთებული იმპროვიზირებული ეტლით დაატარებს ზეინი ქალაქის ქუჩებში. პატარა მსახიობს ნაკლებად გაუმართლა, რადგან დედასთან ერთად იქნა დეპორტირებული ნიგერიაში, მამა კი, კონტინენტის მეორე ბოლოში - კენიაში დააბრუნეს.
* კაპერნაუმი -
ერთი შეხედვით ‘’კაპერნაუმი’’ საოცრად უცხო და შორეულია, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია მსგავსი ყოფა - სრული სიღატაკე და გაველურებული ადამიანები. გაუცხოების შეგრძნებას ამძაფრებს ვიზუალური რეტრო-სტილიც, რომლითაც რეჟისორი არა აკონკრეტებს, არამედ პირიქით, განაზოგადებს იმ ეპოქისა და ადგილის, სადაც მოქმედება ვითარდება. სიმბოლურია ფილმის სახელიც, რადგან ‘’კაპერნაუმი’’ ერთის მხრივ, უძველესი გალილეის დაკარგულ ქალაქს გულისხმობს, მეორეს მხრივ, სწორედ ასე ჰქვია ევროპულ ჟარგონზე ნაგავსაყრელს.
შთამბეჭდავი და მეტად ემოციურია ზეინისა და პოპულარული სუპერგმირის კოსტიუმში გამოწყობილი მოხუცის შეხვედრის სცენაც, რადგან სინამდვილეში, სწორედ მოხუცი განასახიერებს წარსულში ჩარჩენილ, განუვითარებელ სამყაროს, ლაბაკი კი, სრულიად მოულოდნელად და სწორედ შეფარული მეტაფორით აიძულებს მაყურებელს გაუსწოროს თვალი სასტიკ რეალობას და აღიაროს, რომ სამყარო, რომელშიც მოზარდ გოგონებს მშობლები სექსუალურ მონობაში ჰყიდიან, მათი თანატოლი ბიჭები კი, ნარკოტიკებით ვაჭრობენ, არა წარსული, არამედ ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე რეალობაა.
აღსანიშნავია, ოპერატორის კრისტოფერის აუნის ნამუშევარიც. ზოგიერთ, განსაკუთრებით დრამატულ ეპიზოდებში ‘’კაპერნაუმი’’ საოცრად რეალისტური და მტკივნეულად დამაჯერებელია, რაც პირველ რიგში სწორედ ოპერატორის დამსახურებაა, რომელმაც ერთის მხრივ, ხელის კამერის, მეორეს მხრივ, მსხვილი პლანების გამოყენებით შექმნა ჯურღმულების ის ჩაკეტილი, კლაუსტროფობიული სამყარო, საიდანაც თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
* პირქუში ფილმი -
სასტიკ რეალობას კინემატოგრაფიაში ხშირად რომანტიზირებული თხრობის მანერა ან ე.წ. ‘’ბედნიერი ფინალი’’ არბილებს, ისე როგორც ფილმებში ‘’მილიონერი ჯურღმულებიდან’’ და ‘’ლომი’’, ‘’კაპერნაუმის’’ უპირატესობა და მთავარი ღირსება კი - რეჟისორის გულწრფელობაა, რომლითაც ღიად და დაუფარავად მოუთხრობს მაყურებელს საკუთარ ქვეყანასა და მის პრობლემებზე.
მართალია, სიღატაკისა და ჯურღმულებში აუტანელი ცხოვრების პრობლემებია განხილული შონ ბეიკერის ტრაგიკომედიაში ‘’პროექტი ფლორიდა’’ და ნორა ტუმის ანიმაციურ ფილმში ‘’მომპოვებელი’’, მაგრამ ‘’კაპერნაუმი’’ ბევრად პირქუში და სასტიკია, რადგან ლაბაკი, რომელიც დიდი ხანია დასავლეთის კომფორტულ სამყაროში ცხოვრობს, არც სინამდვილის შელამაზებას ცდილობს, არც იმ წვრილმანების დამალვას, რაზეც მისი კოლეგები მეტწილად ხუჭავენ თვალს.
მშობლები, რომლებიც ტრადიციებით, საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული წეს-ჩვეულებებით იმართლებენ თავს, მუდმივად არწმუნებენ ზეინს, რომ ცვლილებები შეუძლებელია და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები სამუდამოდ განწირული არიან ამგვარი ყოფისთვის, მსგავს მოსაზრებას იზიარებს ლიბანის საზოგადოებაც, თუმცა მიუღებელია მთავარ გმირისთვის, რომელსაც ათეულობით თანატოლის მსგავსად არ სურს უგუნური მშობლების მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრება და თავად ლაბაკისთვის, რომელიც არ მოერიდა საკუთარი ქვეყნის პრობლემების სააშკარაოზე გამოტანას და ლიბანელთა ნაკლოვანებებზე ღიად საუბარს.
* აღიარება -
კრიტიკოსთა ნაწილმა ზედმეტად სწორხაზოვნად მიიჩნია ‘’კაპერნაუმი’’ და ერთგვარ სპეკულაციაში დაადანაშაულა ლაბაკი, რომელმაც თითქოს უსუსური ადამიანების უბედურების ხარჯზე სცადა აღიარების მოპოვება, თუმცა განსხვავებული აზრი აღმოაჩნდათ კანის კინოფესტივალის მესვეურებს, რომელთაც სამი პრემიით აღნიშნეს ფილმი. მართალია, ‘’კაპერნაუმი’’ ‘’ოსკარზეც’’ წარადგინეს საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში, მაგრამ, ლიბანური შედევრი ალფონსო კუარონის მექსიკურმა დრამამ ‘’რომამ’’ დაჯაბნა. მარცხის მიუხედავად, ფილმმა ამერიკელი კინოაკადემიკოსების მოწონება დაიმსახურა, ლაბაკი კი, ‘’ოსკარის’’ პრემიაზე ნომინირებული პირველი არაბი ქალბატონი გახდა.
შესაძლოა, ფილმს მართლაც მარტივი და ბანალური სიუჟეტი აქვს, მაგრამ საოცრად რეალისტური და ემოციურია, რაც პირველ რიგში რეჟისორის სითამამის და მოზარდი მსახიობის გულწრფელობის დამსახურებაა, რადგან სწორედ მათ შეძლეს მტკივნეული, ზოგჯერ ზედმეტად სასტიკი, თუმცა ნამდვილი ახლო აღმოსავლეთის ჩვენება შელამაზებისა და თანამედროვე კინემატოგრაფიისთვის დამახასიათებელი მითოლოგიზაციის გარეშე.
- 3 –
* ერნესტ ჰემინგუეი -
ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერნესტ ჰემინგუეი, რომელმაც 1953 წელს მოთხრობისთვის ‘’მოხუცი და ზღვა’’ მიიღო პულიცერის პრემია, ერთი წლის შემდეგ კი, ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ლიტერატურის დარგში, საოცრად რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო საინტერესო და მეტად მრავალფეროვანი ცხოვრებით, რაც მის ნაწარმოებებშიც ბრწყინვალედ აისახა.
ჰემინგუეის რომანების კითხვისას ყოველთვის რთულია რეალურის ავტორის გამონაგონისგან გარჩევა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ლიტერატურათმცოდნეების მტკიცებით, მწერალი ყოველთვის რეალურ ისტორიებს ჰყვებოდა, თუმცა აუცილებლად დეტალების შელამაზებით.
* მშობლები -
ერნესტ მილერ ჰემინგუეი 1899 წლის 21 ივლისს დაიბადა ჩიკაგოს პრივილეგირებულ გარეუბანში ოკ-პარკში. მისი მამა - კლარენს ედმონტ ჰემინგუეი ექიმი, დედა - გრეის ჰოლი კი, ოპერის მომღერალი იყო. ერნესტის მშობლებმა, რომელთაც ბრწყინვალე განათლება მიიღეს, ყოველთვის პატივისცემითა და კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ ოკ-პარკის კონსერვატორულ საზოგადოებაში.
ქორწინების შემდეგ ახალგაზრდა წყვილი გრეისის მამის - ერნესტ მილერ ჰოლის სახლში დაბინავდა. სწორედ ბაბუის პატივსაცემად შეიძინა მომავალმა მწერალმა სახელი, რომელიც თვითონ არასდროს მოსწონდა, რადგან მხოლოდ ოსკარ უაილდის პიესის ‘’რა მნიშვნელოვანია სერიოზულობა’’ ბრიყვ და აუტანელ პერსონაჟთან ასოცირდებოდა.
* დედის გავლენა -
პატარა ერნესტს, რომელიც პირველი შვილი იყო მშობლებისთვის, დედა ყოველთვის გოგონასავით ექცეოდა, მაქმანიან კაბებს აცმევდა და dolly-ს ანუ ‘’თოჯინას’’ ეძახდა, თმა კი, პირველად 6 წლის ასაკში შეჭრა. ბიოგრაფების მტკიცებით, სწორედ დედის უჩვეულო დამოკიდებულებამ განსაზღვრა ჰემინგუეის ცხოვრება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თმის გვიან შეჭრის ეპიზოდი მწერალმა მრავალგზის გამოიყენა საკუთარ ნამუშევრებში, ცნობილი რომანის ‘’სამოთხის ბაღის’’ ჩათვლით.
მართალია, მოგვიანებით ჰემინგუეიმ დედის სიძულვილიც საჯაროდ აღიარა, მაგრამ მისი დისშვილის, ცნობილის მწერლის ჯონ სენფორდის განცხადებით, საზარელი გამონათქვამები, რომლითაც ჰემინგუეიმ დედა მოიხსენია, სინამდვილეში მხოლოდ მის მიმართ უზარმაზარ სიყვარულს, პატივისცემასა და მოწიწებას მალავდა.
* მკაცრი მამა -
მგრძნობიარე და ზედმეტად ემოციური გრეისისგან განსხვავებით კლარენსი, რომელიც ყოველთვის დიდად ამაყობდა კოლონისტი წინაპრების შთამომავლობით, მკაცრი და უხეში კაცი იყო. რელიგიური დოგმების გათვალისწინებით უფროსი ჰემინგუეი ოჯახის წევრებს ცეკვას, სიმღერას და აზარტულ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავდა, იშვითი სიმკაცრით, მანიაკალური დისციპლინით ზრდიდა შვილებს და ფიზიკურ სასჯელსაც ხშირად მიმართავდა. სხვათა შორის, ხისტი და პირქუში პერსონაჟი, რომელიც მამის პროტოტიპად იქცა, ჰემინგუეის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევარში ‘’ექიმი და მისი ცოლი’’ გამოჩნდა, მეუღლეებს შორის დიალოგს კი, მისი მშობლების რეალური საუბრები დაედო საფუძვლად.
* გატაცება -
მოზარდი ერნესტი მამას ხშირად მიჰყავდა მიჩიგანში, სადაც ოჯახს საკუთარი კოტეჯი ‘’უინდემირი’’ ჰქონდა. სწორედ ჩრდილოეთ მიჩიგანში შეიყვარა ჰემინგუეიმ მკაცრი, ველური ბუნება და ხიფათით, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, როცა 4 წლისამ ჯერ ნადირობა და თევზაობა, მერე მიყრუებულ, ცივილიზაციას მოწყვეტილ ტყეებსა და ტბებზე თავშესაფრების შენება ისწავლა.
12 წლის ერნესტს ბაბუამ პირველი იარაღი - 20-კალიბრიანი თოფი უსახსოვრა. საჩუქარმა ბაბუასა და შვილიშვილის მეგობრობა განამტკიცა, ერნესტს ყოველთვის მოსწონდა მოხუცის ისტორიების მოსმენა, რომლებიც მოგვიანებით საკუთარ ნაწარმოებებში გამოიყენა.
სწორედ ნადირობა იქცა ჰემინგუეის მთავარ გატაცებად, როცა მამამ მსხვერპლს ჩასაფრება და თოფიდან სროლა ასწავლა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი მოთხრობა ნიკ ადამსზე, რომელიც მის alter ego-დ იქცა, ჰემინგუიემ სწორედ ნადირობას და მამას მიუძღვნა, რადგან კლარენსმა, როგორც პიროვნებამ, მისმა ცხოვრებამ და განსაკუთრებით დაღუპვამ, როცა სანადირო თოფიდან გასროლით მოიკლა თავი, უზარმაზარი გავლენა მოახდინა ერნესტზე.
1930-იანი წლების ბოლოს ჰემინგუეიმ ერთგვარი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს და ხანგრძლივი საფარი მოაწყო აღმოსავლეთ აფრიკაში. მწერალმა არა მხოლოდ სამი ლომი, თორმეტი ანტილოპა და ბიზონი მოინადირა, არამედ ავტობიოგრაფიული რომანი ‘’აფრიკის მწვანე ქედებიც’’ დაწერა.
* პირველი გამოცდილება -
საშუალო სკოლაში ერნესტი სპორტმა გაიტაცა და თითქმის ყველა დისციპლინაში მოსინჯა შესაძლებლობები, თუმცა ყველაზე მეტად მაინც კრივი მოეწონა, რომელმაც სწრაფად რეაგირების უნარი განუვითარა და უშიშრად, თამამად შეტევაზე გადასვლა ასწავლა.
განსაკუთრებული ინტერესით ესწრებოდა ჰემინგუეი ინგლისური ენის გაკვეთილებს, ინტერესით ეცნობოდა მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს და ენთუზიაზმით წერდა სტატიებს სკოლის გაზეთისთვის, ჟურნალში ‘’ტაბულა’’ კი, რინგ ლარდნერ-უმცროსის ფსევდონიმით და სპორტული მიმომხილველების მიბაძვით აქვეყნებდა მოკლე ჩანახატებს. ჰემინგუეის სადებიუტო მოთხრობად ‘’მანიტუს სასამართლო’’ იქცა ჩრდილოეთის ეგზოტიკითა და ინდიელთა ფოლკლორით, მეორე ნამუშევარი ‘’მთავარი კანის ფერია’’ კი, კრივის ტურნირებს, მის ბინძურ და კორუმპირებულ სამყაროს მიეძღვნა. ინტენსიურად მიმოიხილავდა ერნესტი ოკ-პარკის ყოველდღიურ ცხოვრებასაც, განსაკუთრებული პოპულარობით კი, მისი მახვილი შენიშვნები სარგებლობდნენ ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებზე.
სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩაბარების ნაცვლად ერნესტი კანზას-სითიში გაემგზავრა და ადგილობრივ გაზეთში The Kansas City Star-ში დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა რეპორტიორი, რომელმაც ქალაქის ყველაზე ხმაურიანი რაიონი ჩაიბარა თავისი საავადმყოფოთი, ვაგზლითა და პოლიციის განყოფილებით, ყოველთვის ცოცხალ და ამომწურავ რეპორტაჟებს აკეთებდა შემთხვევის ადგილიდან, რადგან თამამად, შიშის გარეშე ურთიერთობდა კრიმინალებთან, მეძავებსა და თაღლითებთან. ჰემინგუეი ინტერესით ეცნობოდა ჯურღმულების ცხოვრებას, იმახსოვრებდა ადგილობრივების ჟესტებს, საუბრის მანერას და ცდილობდა მათი მოქმედების მოტივის ამოხსნას. სწორედ კანზას-სითიში განავითარა ჰემინგუეიმ ლიტერატურული სტილი და მუდამ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნის ჩვეულება, უფროსი კოლეგებისგან კი, მოვლენების მაქსიმალური სიზუსტით აღწერა, ლაკონურად და გასაგებად წერა ისწავლა.
* პირველი მსოფლიო ომი -
მართალია, ამერიკის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმის შემდეგ ერნესტმა ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ დაზიანებული მარცხენა თვალის გამო დაწუნებულს სახლში ურჩიეს დარჩენა, თუმცა შეუპოვარმა ჰემინგუეიმ არ ისურვა უკან დახევა, წითელი ჯვრის მიწვევას გამოეხმაურა და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად დაქირავებული, მოხალისედ გაემგზავრა იტალიაში. ერთი შეხედვით ნაკლებად სახიფათო მისიის მიუხედავად, ერნესტმა პირველ დღესვე გამოცადა საკუთარ თავზე ომის მთელი სისასტიკე, როცა ადგილობრივებთან ერთად მოუწია გერმანელების მიერ დაბომბილი ტერიტორიების - არტილერიის საწყობის, მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების გაწმენდა. განსაკუთრებით მტკივნეული 18 წლის ჯარისკაცისთვის უდანაშაულოდ დაღუპული მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების დაკრძალვა აღმოჩნდა.
ბრძოლის ველზე ჰემინგუეი ყოველთვის იშვიათი თავგანწირვით გამოირჩეოდა, ეხმარებოდა ჯარისკაცებს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდა დაჭრილთა გადარჩენას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ განსაკუთრებული სიმამაცისთვის იტალიის ვერცხლის მედლით დაჯილდოებულმა 200-ზე მეტი ჭრილობა მიიღო და წლების მანძილზე მკურნალობდა ჰოსპიტალში.
აღსანიშნავია, რომ საოცრად იღბლიანმა და სიცოცხლისუნარიანმა მწერალმა უამრავი დაავადება გადაიტანა ცხოვრების მანძილზე, რადგან ორ ავიაკატასტროფას, თავის და ხერხემლის ტრავმას გადარჩენილი, ჯერ დიაბეტით, ჰიპერტონიით და ციმბირული წყლულით, მერე პნევმონიით და ჰეპატიტით იტანჯებოდა, თუმცა საბოლოოდ სიცოცხლე მაინც თვითმკვლელობით დაასრულა.
* ‘’ვისთვის რეკავს ზარი’’ –
აქტიურად მონაწილეობდა ჰემინგუეი ესპანეთის სამოქალაქო ომშიც რესპუბლიკელების მხარეს, რომლებიც სამი წლის მანძილზე იბრძოდნენ დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს წინააღმდეგ. მადრიდში ჰემინგუეი გადამღებ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა, რომელიც მისი სცენარით გეგმავდა დოკუმენტური ფილმის ‘’ესპანეთის მიწის’’ გადაღებას, თუმცა ფრანკისტების სისასტიკით აღშფოთებული და რესპუბლიკელთა თავდადებით აღფრთოვანებული თავადაც ჩაება ბრძოლაში. სწორედ ესპანეთში მიღებული შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად რომანს ‘’ვისთვის რეკავს ზარი’’.
* ნაცისტებზე მონადირე -
1941 წელს ერნესტმა კატარღა შეიძინა კუბის სანაპიროზე სათევზაოდ და რეკორდიც დაამყარა, როცა ერთ დღეში შვიდი მარლინი დაიჭირა. ნადავლის ზვიგენებისგან დასაცავად ჰემინგუეიმ მასიური ტყვიამფრქვევი მოათავსა კატარღაზე, რომელიც განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის წლებში გამოადგა, როცა კუბაზე ნაცისტი ჯაშუშების წინააღმდეგ წამოწყებულ კონტრდაზვერვის ოპერაციაში ჩაება და ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა გერმანელთა წყალქვეშა ნავებზე კარიბის ზღვაში.
* საყვარელი ქალაქი -
ჰემინგუეის საყვარელი ქალაქი ყოველთვის პარიზი იყო, რომელსაც 1921 წელს ეწვია პირველად მეუღლესთან ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონთან ერთად. მრთალია, ახლად დაქორწინებულები ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერნესტი მაინც ბედნიერი იყო, რადგან ცნობილ ამერიკელ მწერალს, მოდერნიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს გერტრუდა სტაინს დაუმეგობრდა, რომელიც მის მასწავლებლად იქცა. სწორედ სტაინმა გააცნო ერნესტს ე.წ. ‘’მონპარნასის ბოჰემა’’ - მხატვრები პაბლო პიკასო, ჟოან მირო და ხუან გრისი, მწერლები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და ჯეიმს ჯოისი, რომელთაც ‘’დაკარგულ თაობა’’ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ‘’დაკარგული თაობის’’ ტერმინი, რომელიც ჰემინგუეიმ რომანში ‘’აღმოხდების მზე’’ გამოიყენა პირველად და ბევრმა მასვე მიაწერა ავტორობა, სინამდვილეში სწორედ სტეანისგან ისესხა, ვისთანაც სერიოზული შემოქმედებითი უთანხმოების შემდეგ ათწლეულების მანძილზე გააგრძელა ლიტერატურულ კამათი. პარიზულ პერიოდს მიეკუთნება ჰემინგუეის უბერებელი მოგონებების წიგნიც ‘’ განუყრელი დღესასწაული’’.
* ‘’მეოჯახე’’ –
მართალია, მრავალრიცხოვანი რომანების წყალობით ჰემინგუეი მექალთანის რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ უპასუხისმგებლო, თავქარიან ურთიერთობას ყოველთვის ოჯახის შექმნა ერჩივნა, ამიტომ მისი გატაცება ხშირად ქორწინებით სრულდებოდა. მწერალს ოთხი მეუღლე და სამი ვაჟიშვილი ჰყავდა. სხვათა შორის, მისი შვილიშვილი იყო ცნობილი მსახიობი მარგო ჰემინგუეიც, რომელმაც 1996 წლის პირველ ივლისს ბაბუის გარდაცვალების წლისთავამდე ერთი თვით ადრე მასავით თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
* გურმანი -
მუშაობის დროს ჰემინგუეი, მეტწილად არაქისის პასტას და ბუტერბროდებს მიირთმევდა მოთუშული ხახვით, რადგან როგორც თვითონ ირწმუნებოდა, სწორედ ამგვარი საკვები ეხმარებოდა შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში. სხვათა შორის, მწერალი რომელსაც ძალიან უყვარდა გემრიელად მირთმევა, სერიოზულად იყო გატაცებული კულინარიით და არა მხოლოდ აქვეყნებდა საკუთარ რეცეპტებს, არამედ ამზადებდა კერძებს და აცხობდა გატაცებით, განსაკუთრებული პოპულარობით კი, მისი ვაშლის ღვეზელი სარგებლობდა, რომლის რეცეპტი ჰემინგუეის ფლორიდის მუზეუმშია გამოფენილი.
* ჯაშუში -
მართალია, არსებობს მოსაზრება თითქოს 1941 წელს ჰემინგუეიმ საბჭოთა კავშირის დაზვერვის სამსახურს მიმართა ‘’დახმარების სურვილით’’ და ‘’არგოს’’ კოდური სახელით ჩაირიცხა აგენტთა რიგებში, მაგრამ არ არსებობს მისი ჯაშუშობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, თუმცა საბჭოელები ხშირად აპელირებდნენ იმ მრავალრიცხოვანი შეხვედრებით, რომელთაც მწერალი 1950-იან წლებში მართავდა საბჭოთა აგენტებთან ლონდონსა და ჰავანაში.
სხვათა შორის, პარანოიით შეპყრობილი ჰემინგუეი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში როჩესტერში, მაიოს ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, დარწმუნებული იყო, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო დევნიდა. მეტიც, მწერალი ახლობლებთან ურთიერთობასა და კლინიკის ტელეფონით სარგებლობაზეც უარს ამბობდა და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ბიურო ყველა მის საუბარს უსმენდა. რა თქმა უნდა, აკვიატებული შიში მედიკოსებმა მწერლის შეშლილობად მიიჩნიეს და ელექტროშოკით გადაწყვიტეს მისი მკურნალობა, თუმცა, 2000-იანი წლების დასაწყისში, შეერთებულ შტატებში ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მიღების შემდეგ, როცა საიდუმლო მასალების გაცნობა გახდა შესაძლებელი, გაირკვა რომ ედგარ გუვერის განკარგულებით ფედერალური ბიურო მართლაც უთვალთვალებდა მწერალს და ყველა მის საუბარს იწერდა.
* თვითმკვლელობა -
1961 წლის 2 ივლისს, მაიოს კლინიკის დატოვებიდან რამდენიმე დღეში, ჰემინგუეიმ კეტჩუმში, საკუთარ სახლში საყვარელი იარაღიდან - Vincenzo Bernardelli-ს მარკის ორლულიანი თოფიდან გასროლით დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. სხვათა შორის, დღეს აღნიშნული თოფის მოდელი სწორედ Hemingway-ის სახელს ატარებს.