ქარიშხალ „დანიელის“ გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად განადგურებულ ლიბიის ქალაქ დერნაში მაშველები ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ.
„გვჭირდება გუნდები, რომლებიც სპეციალიზებული არიან ცხედრების ამოსვენებაში. ვშიშობ, რომ ქალაქი დაინფიცირდება ეპიდემიით ნანგრევებში და წყალში დიდი რაოდენობის ცხედრების არსებობის გამო“, - განაცხადა დერნას მერმა, აბდულმენამ ალ-გაითიმ.
მანამდე, აღმოსავლეთ ლიბიის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ზღვიდან მუდმივად ირიყება ათობით ცხედარი და ბევრი მათგანი იდენტიფიცირებისთვის უკვე გადასვენებულია.
„ცხედრები ყველგანაა, სახლებში, ქუჩებში, ზღვაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს,“ - განაცხადა ბენღაზის ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის თანამშრომელმა, ემად ალ-ფალახმა მედიასთან საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ცხედრების დაკრძალვის აუცილებლობის გამო ასობით ადამიანი ერთ საფლავში ერთად დაკრძალეს. მედია იუწყება, რომ დერნას მაცხოვრებლები ახალი საველე საავადმყოფოს გახსნას ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო მორგებადაა ქცეული.
დერნას მერი აცხადებს, რომ ქალაქში დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს.
ლიბიის გაერო-ს მიერ აღიარებულ ეროვნული ერთიანობის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დახმარება და სამაშველო ჯგუფები 12-მა ქვეყანამ გააგზავნა.