1960-იან წლების ბოლოს, როცა არეტა ფრანკლინმა ‘’სოულის დედოფლის’’ ტიტული მოიპოვა, როტმ’ნ’ბლუზის მეფობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სწორედ ბარი უაითი იქცა, თუმცა კონკურენტები აღმოაჩნდნენ ბევრად გავლენიანი, რომელთაც გონივრული რეკლამითა და პიარ-კამპანიით შეძლეს პირველობის მოპოვება.
თუმცა, დანარჩენებს არც როტმ’ნ’ბლუზის უგვირგვინო მეფე ჩამორჩა, რადგან 44-წლიანი შემოქმედების მანძილზე სამჯერ გახდა ‘’გრემის’’ ლაურეატი. ამასთანავე, უაითმა, რომლის კომპოზიციები ყოველთვის განსაკუთრებული რომანტიზმითა და განუმეორებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა მისივე უნიკალური ბას-ბარიტონის წყალობით, 30-მდე ალბომი და რამდენიმე ათეული სინგლი ჩაწერა, რომელთა უმეტესობამ ‘’პლატინის სტატუსი’’ მოიპოვა. მეტიც, უაითი დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს პოპულარობას და ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის ტიტულს.
ბარი იუჯინ კარტერი 1944 წლის 12 სექტემბერს დაიბადა ტეხასის შტატის ქალაქ გალვესტონში. ბარის მშობლები არასდროს დაქორწინებულან, ამიტომ ჩვილმა დაბადებისთანავე დედის - სედი მერი კარტერის გვარი შეიძინა, თუმცა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ სწორედ მამის - მელვინ უაითის გვარით მოიპოვა აღიარება.
1953 წელს დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ბარი ლოს-ანჯელესში გადაბარგდა. სედი მთელ დღეს სამსახურში ატარებდა, ბარი და დერილი კი ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებლად იზრდებოდნენ დედის ფირფიტების მდიდარი კოლექციის კომპანიაში. ბარი ყოველთვის გატაცებით უსმენდა ბლუზს, როკ’ნ’როლს, კლასიკურ მუსიკას და თვითონაც ცდილობდა მუზიცირებას - ჯერ ფორტეპიანოზე გაბედა დაკვრა, მერე კი, ვოკალური შესაძლებლობები მოსინჯა, თუმცა 14 წლისას ხმა გაუტყდა და მუსიკაც დროებით დაივიწყა. ‘’ბავშვობაში ჩვეულებრივი, პატარ ბიჭისთვის დამახასიათებელი წკრიალა ხმა მქონდა, თუმცა გარდატეხის ასაკში ტემბრი კარდინალურად შეიცვალა, რაც დედამაც ძალიან განიცადა, რადგან გააცნობიერა, რომ მისი ბიჭუნა გაიზარდა და დაკაცდა’’, - იუმორით გაიხსენა მოგვიანებით უაითმა.
უნიკალური ხმისა და ნიჭის მიუხედავად, მუსიკას ბარიმ კრიმინალით გატაცება არჩია და ძმასთან ერთად გაწევრიანდა ადგილობრივ ბანდაში, რაც საბოლოოდ ტრაგედიით დასრულდა, რადგან 15 წლის დერილი კონკურენტი ბანდის წევრებმა მოკლეს, 16 წლის ბარი კი, ‘’კადილაკის’’ ძვირადღირებული საბურავების მოპარვისთვის მოხვდა ციხეში, თუმცა სწორედ საპატიმროში, რადიოთი მოისმინა ელვის პრესლის ცნობილი ჰიტი It's Now or Never, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მთელი მისი ცხოვრება.
სახასიათო ბარიტონის წყალობით საპატიმროდან გათავისუფლებული უაითი ჯერ ლოს-ანჯელესის გუნდს შეუერთდა სოლისტად, მერე რამდენიმე ხმის ჩამწერ კომპანიასთან სცადა თანამშრომლობა, თუმცა მისი ავტორობით შექმნილმა სადებიუტო კომპოზიციამ Too Far to Turn Around მხოლოდ მარცხი განიცადა.
პირველად იღბალმა უაითს კომპანიაში Del-fi Records-ში გაუღიმა კომპოზიტორისა და პროდიუსერის რანგში, როცა ახალბედა მომღერლის ფელის ტეილორის წყალობით დაწინაურდნენ მისი სინგლები It May Be Winter Outside და I Feel Love Comin ‘On ამერიკისა და ბრიტანეთის ჩარტებში.
უაითის წარმატებულ პროექტებად იქცა გოგონების ტრიო Love Unlimited და 1973 წელს შექმნილი The Love Unlimited Orchestra 40 მუსიკოსის შემადგენლობით, რომელმაც ისევ უათის საავტორო კომპოზიციის - ინსტრუმენტული საცეკვავო სინგლის Love’s Theme-ს წყალობით მოიპოვა პოპულარობა.
ბრწყინვალე ხმის მიუხედავად, უაითი მაინც ნაკლებად ფიქრობდა ვოკალისტის კარიერაზე, რადგან ერთის მხრივ, პირველი მარცხი აღმოჩნდა ზედმეტად მტკივნეული, მეორეს მხრივ, ჭარბი წონა უქმნიდა პუბლიკაზე გამოჩენის უხერხულობას. თუმცა, სხვანაირად ინება ბედისწერამ, რომელმაც მის ნაცვლად გადაწყვიტა.
ერთ-ერთ სესიაზე, როცა უაითმა დამწყები მომღერლისთვის დაწერილი ბალადის საკუთარი ვერსიის დემონსტრირების სურვილით წაიმღერა, მისი ვოკალით მოხიბლულმა პროდიუსერებმა კომპოზიციის საკუთარი შესრულებით ჩაწერა ურჩიეს. უაითი დიდხანს ორჭოფობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გაბედა სიმღერის დემო-ვერსიის ჩაწერა, რომელიც რამდენიმე თვეში მის პირველ მსხვილ ჰიტად I’m Gonna Love You Just A Little More Baby იქცა და სადებიუტო ალბომში I’ve Got So Much To Give შევიდა.
მუსიკოსმა პირველივე მცდელობით შეძლო აღიარების მოპოვება და საკუთარი ხავერდოვანი ხმით მელომანების მოჯადოება. 1970-იანი წლების ბოლოს უაითმა რამდენიმე კომპოზიცია, მათ შორის ცნობილი ჰიტები Can’t Get Enough Of Your Love Baby; You’re The First, The Last, My Everything; Never, Never Gonna Give You Up და All Around The World ჩაწერა, რომელთაც რამდენიმეკვირიანი ლიდერობა მოიპოვეს Billboard-ის ჩარტში.
მართალია, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა დისკოს მიმდინარეობამ აქტუალურობა დაკარგა უაითის ჰიტებიც გაფერმკრთალდა, მაგრამ 1990-იან წლებში მან მაინც შეძლო მუსიკალურ არენაზე ტრიუმფით დაბრუნება, რადგან არა უბრალოდ გაიმეორა ძველი წარმატება, არამედ რამდენიმე ერთმანეთზე პოპულარული ალბომი გამოუშვა. განსაკუთრებით იღბლიანი 1994 წელს ჩაწერილი მე-19 სტუდიური ნაკრები The Icon Is Love აღმოჩნდა, რომელმაც მუსიკოსს ‘’გრემის’’ პრემია მოუტანა.
საერთო ჯამში ბარი უაითი 11-ჯერ იქნა ნომინირებული ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ პრემიაზე, თუმცა მხოლოდ 3-ჯერ დაჯილდოვდა. 2004 წელს მუსიკოსი, რომელიც ერთი წლით ადრე გარდაიცვალა, საცეკვავო მუსიკის დიდების დარბაზში მოხვდა და ყველაზე პოპულარულ დისკო-მუსიკოსად დასახელდა.
1999 წელს უაითმა ავტობიოგრაფიული წიგნი ‘’უსაზღვრო სიყვარული’’ გამოსცა. მუსიკოსის განცხადებით, ძალიან გაუმართლა, რადგან გეტოში დაბადებულმა და გაზრდილმა, განათლებისა და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეძლო კრიმინალური სამყაროსგან თავის დაღწევა და სანუკვარი ოცნების ასრულება, ‘’ვცდილობდი ნამდვილი, გულწრფელი ვყოფილიყავი თაყვანისმცემელთან და ის მუსიკა შემეთავაზებინა, რომელიც თვითონ მომწონდა. არასდროს მიფიქრია, რამდენად შემოსავლიანი იქნებოდა ჩემი კომპოზიციები და შესაძლოა, სწორედ ამგვარმა გულწრფელობამ, ბუნებრიობამ განსაზღვრა ჩემი წარმატება’’, - აღნიშნა მუსიკოსმა ჟურნალ Billboard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე.
სტივენ დოლდრის დრამა ქეით უინსლეტის, რეიფ ფაინსის და დევიდ კროსის მონაწილეობით, ერთდროულად პარადოქსულიცაა და პროვოკაციულიც, საოცრად მარტივი და ძალიან რთულიც, რადგან ფილმის მთავარი - ჰოლოკოსტის თემა დღესაც საოცრად აქტუალურია და არავის ტოვებს გულგრილს.
ბრიტანელმა რეჟისორმა, ‘’ოსკარისა’’ და ‘’ოქროს გლობუსის’’ მრავალგზის ნომინანტმა სტივენ დოლდრიმ პირველსავე მცდელობით - სადებიუტო ნამუშევრით ‘’ბილი ელიოტით’’ მოიპოვა წარმატება, რასაც მოგვიანებით დრამები ‘’საათები’’, ‘’მკითხველი’’, „ძალიან ხმამაღლა, ძალიან ახლოს’’ და Netflix-ის საკულტო სერიალი ‘’გვირგვინი’’ მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ წარმატებული კინოკარიერის მიუხედავად, თავიდან დოლდრის მხოლოდ თეატრი იტაცებდა - შეფილდის უნივერსიტეტში სწავლისას თეატრალურ დასს ხელმძღვანელობდა, მისი დასრულების შემდეგ დუბლინის ცნობილ თეატრში Gate Theatre-ში გადაინაცვლა, მოგვიანებით კი, რამდენიმე სპექტაკლი დადგა სამეფო თეატრსა და Royal Court Theatre-ის სცენაზე, რომელიც ‘’თანამედროვე ბრიტანული დრამის’’ საუკეთესო სკოლად ითვლება.
კინოდებიუტად დოლდრიმ 11 წლის მოზარდის ისტორია აირჩია მეშახტეთა ქალაქიდან, რომელიც ბალეტის მოცეკვავის კარიერაზე ოცნებობს. მართალია, ბილის გატაცებას არც ოჯახის წევრები იზიარებენ, არც მეგობრები, რადგან ცეკვა და განსაკუთრებით ბალეტი ნამდვილი მამაკაცებისთვის მიუღებელ საქმიანობად მიაჩნიათ, მაგრამ ის მაინც ჯიუტად იცავს საკუთარი არჩევანის და ცდილობს ოცნების ასრულებას. ფილმმა, რომლის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა არასაკონკურსო პროგრამაში, კრიტიკის აღფრთოვანება დაიმსახურა, მოგვიანებით კი, BAFTA-ს ორი პრემია და ‘’ოსკარის’’ სამი ნომინაცია მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
ნამდვილ შედევრად იქცა 2002 წელს დადგმული ფსიქოლოგიური დრამა ‘’საათები“, რომელმაც სხვადასხვა ეპოქის სამი ქალბატონის ცხოვრების ერთ დღეზე მოუთხრო მაყურებელს. ფილმმა ბრწყინვალე მსახიობების - მერილ სტრიპის, ნიკოლ კიდმანისა და ჯულიანა მურის მონაწილეობით, კრიტიკის მოწონება დაიმსახურა და სოლიდური მოგება ნახა გაქირავებაში, თუმცა ამერიკულმა კინოაკადემიამ მაინც ნაკლებად დააფასა დოლდრის მონდომება და მხოლოდ კიდმანის ნამუშევარი აღნიშნა პრემიით.
მართალია, 2008 წელს ‘’მკითხველის’’ ხუთ ნომინაციაზე წარდგენის შემდეგ აკადემიკოსებს შეცდომის გამოსწორების ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ქეით უინსლეტის თამაში აღნიშნეს, დოლდრი კი, რომელმაც არც ამჯერად უღალატა ‘’თეატრალურ ხელწერას’’ და მონდომებით დაამუშავა პერსონაჟების ხასიათი, მათი შინაგანი სამყარო, ისევ უყურადღებოდ დატოვეს. სხვათა შორის, თავიდან ჰანა შმიცის როლზე დოლდრის ნიკოლ კიდმანის მიწვევა სურდა, თუმცა მსახიობი ბაზ ლურმანის დრამის ‘’ავსტრალიის’’ გადაღებებით აღმოჩნდა შეზღუდული.
ნაცისტების არაადამიანურ რეჟიმსა და საკონცენტრაციო ბანაკების შემზარავ რეალობაზე, რომელთაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, უამრავი ითქვა და დაიწერა, იგივე თემა აირჩია დისკუსიისთვის სტივენ დოლდრიმაც, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ცნობილი ფაქტები არა ტრადიციული სისასტიკით, არამედ მოზარდისა და ბევრად უფროსი, ცოტა უხეში ქალის სიყვარულის ისტორიის ფონზე ასახა და სწორედ ასე მოუთხრო მაყურებელს მე-20 საუკუნის უდიდეს ტრაგედიაზე.
რა თქმა უნდა, არისტოკრატული წარმომავლობის მიხაელისა და მდაბიო ჰანას რომანი ჩვეულებრივ, ბანალურ ისტორიას დაემსგავსებოდა, რომ არა მარტოხელა ქალის უცნაური გატაცება - ჰანას არა იმდენად ფიზიკური სიახლოვე, რამდენადაც იმ კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების მოსმენა ანიჭებდა სიამოვნებას, რომელთაც ახალგაზრდა საყვარელი უკითხავდა.
გერმანელი მწერლის ბერნჰარდ შლინკეს 1995 წელს გამოქვეყნებული ‘’მკითხველი’’, რომელიც ბესტსელერად იქცა და გაზეთ New York Times ყველაზე პოპულარული წიგნების ნუსხაში მოხვდა, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მთავარი პერსონაჟის - მიხაელ ბერგის მსგავსად, რომანის ავტორიც 1944 წელს დაიბადა და მასავით იურისტი გახდა, თუმცა ბოლომდე არ გაამხილა, ჰყავდა თუ არა რეალური პროტოტიპი თავად ჰანას.
ახალგაზრდა მიხაელი ჯერ ხმამაღლა უკითხავს საყვარელ ქალს კლასიკურ რომანებს, მერე კი, როცა სისასტიკისა და ტყვეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დადანაშაულებული საპატიმროში ხვდება, იმავე რომანებს აუდიოკასეტაზე ჩაწერილს უგზავნის. აღსანიშნავია, რომ იმპროვიზირებულ ლიტერატურის გაკვეთილებს ბერგი ჰომეროსის ‘’ოდისევსით’’ იწყებს, რაც იმ გზის ერთგვარ მეტაფორად განიხილება, რომელიც დანაშაულის აღიარების შემდეგ გაიარეს გერმანელებმა საკუთარი თავის ძიებასა და ‘’მშობლიურ სახლში’’ დასაბრუნებლად, ჰანას საყვარელი რომანი - ანტონ ჩეხოვის ‘’ქალი ძაღლით’’კი, მთავარი პერსონაჟების ურთიერთობასა და აკრძალულ სიყვარულს სიმბოლიზირებს.
საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ზედამხედველი ჰანა შმიცი, რომელმაც არც წერა-კითხვა იცის, არც საკუთარ სახელს ამბობს არასდროს ხმამაღლა, ომისშემდგომ გერმანიაში ცხოვრობს და ტრამვაის კონდუქტორად მუშაობს. არაჩვეულებრივი მსახიობი ქეით უინსლეტი, რომელიც მაყურებელმა რომანტიკული პერსონაჟებით და პირველ რიგში, როუზის წყალობით გაიცნო ჯეიმს კამერონის ‘’ტიტანიკიდან’’, იდეალურად მოერგო ჰანას როლს და ‘’ოსკარის’’ პრემიაც დაიმსახურა, რადგან ნაცისტთა საპატიმროს ზედამხედველზე შექმნილი სტერეოტიპული წარმოდგენის მაქსიმალური სიზუსტით ასახვის მიუხედავად, მაინც შეძლო ქალისთვის დამახასიათებელი იდუმალების შენარჩუნება.
არანაკლებ რთული პერსონაჟი ჩაიბარა რეიფ ფაინსმაც, როცა უკვე ზრდასრული, თუმცა მყიფე ფსიქიკის მორალურად სუსტი მიხაელი განასახიერა, რომელსაც ასაკის მიუხედავად მაინც აკლია დაღვინება. სწორედ მიხაელის უნებისყოფობის გამო დაასრულა ჰანამ სიცოცხლე თვითმკვლელობით, როცა მის მოლოდინში გატარებული წლების, მისი მხარდაჭერის იმედით გადარჩენილი, საბოლოოდ მხოლოდ დაბნეულ, საკუთარ თავსა და გრძნობებში დაკარგულ მამაკაცს, პრაქტიკულად ისევ იმ მოზარდს გადააწყდა, რომელსაც არა იმდენად ჰანა, რამდენადაც საკუთარი გრძნობა უყვარდა მის მიმართ.
რა თქმა უნდა, სტივენ დოლდრის დრამა არა მხოლოდ სიყვარულის ისტორიას, არამედ ადამიანის მრავალრიცხოვან კომპლექსებსაც აღწერს. მაგალითად, ზრდასრულ ბერგს, სწორედ ახალგაზრდობის სიყვარული უშლის ხელს სრულფასოვნად ცხოვრებაში, რადგან ახალ ეპოქაში, ახალი ცხოვრების წესი და თავსმოხვეული სამართლიანობა არ აძლევს ჰანას გადარჩენის საშუალებას. მართალია, სასამართლო პროცესზე მას თავისუფლად შეეძლო საიდუმლოს გამხელა და ჰანას დაცვა კოლეგა ზედამხედველების ცრუ ბრალდებისგან, მაგრამ მან თავი შეიკავა და გარისკვას ისევ გაჩუმება არჩია.
არავინ იცის რამ განაპირობა ბერგის ამგვარი უმოქმედობა - შიშმა თუ სირცხვილმა, თუმცა სწორედ გაუბედაობამ განსაზღვრა მთელი მისი ცხოვრება და მხოლოდ ფილმის ფინალურ ეპიზოდში განიცადა ერთგვარი კათარსისი, როცა უკვე ასაკოვანმა, ქალიშვილი მიიყვანა ჰანას საფლავზე და სწორედ მას გაანდო საკუთარი ისტორია.
უნებისყოფობის და მორალური სისუსტის მიუხედავად, ნაკლებად გამართლებულია ბერგის ცალსახად განსჯა და გაკიცხვა, რადგან უკვე ზრდასრულსაც მუდმივი ბრძოლა აქვს საკუთარ თავთან. მიხაელმა ვერაფრით გადაწყვიტა რა უფრო ფასეულია ახალგაზრდული გრძნობის შენარჩუნება თუ საზოგადოებრივი მორალის დაცვა და სწორედ ორჭოფობა, შინაგანი მერყეობა ზღუდავს საყვარელ ქალთან ურთიერთობის აღდგენაში.
პრიმიტიულობის მიუხედავად, არც თავად ჰანას - ერთის მხრივ, სენტიმენტალური, შეყვარებული ქალის, მეორეს მხრივ, საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველის განსჯა ან გამართლება შეიძლება. ახალგაზრდა საყვარლის მსგავსად, შმიციც საზოგადოების, დადგენილი ნორმების მსხვერპლია, ისიც მოვალეობის პირნათლად შესრულების აუცილებლობით ამართლებს საკუთარ სისასტიკეს და ძალიან უკვირს, როცა არავინ იზიარებს მის პასუხისმგებლობას.
ფილმს არ ჰყავს დადებითი და უარყოფითი გმირები, რადგან ჰანა, ისე როგორც მიხაელი, ერთდროულად მსხვერპლიცაა და ჯალათიც, ჰოლოკოსტის თემა კი, რომელზეც ჯერ რომანის, მერე ფილმის ავტორები ამახვილებენ ყურადღებას, თანამედროვე საზოგადოებისთვისაც მეტად აქტუალურია, რადგან მოსაზრებას, რომ ნაციზმის სისასტიკეში არა მხოლოდ რეჟიმის იდეოლოგები, არამედ რიგითი შემსრულებლებიც დამნაშავე არიან, ბევრი არ იზიარებს, გამართლებად კი, ის გლობალური პროპაგანდა მოჰყავთ, რომელიც ქვეყნის პოლიტიკად იქცა, ადამიანები კი, ‘’ტვინის გამორეცხვით’’დაარწმუნეს, თითქოს ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი და მისთვის თავგანწირული, სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ მის სიძლიერესა და კეთილდღეობას.
ფილმის შემქმნელებმა უარი თქვეს რომანში აღწერილი მეტად მძიმე ეპიზოდის - ეკლესიაში მომხდარი ხანძრის ჩვენებაზე, როცა სწორედ ჰანას დაჰბრალდა 300 ებრაელი ქალის დაღუპვა. კრიტიკოსებმა რეჟისორის ამგვარ გადაწყვეტილება ერთგვარ მანიპულაციად აღიქვეს, რადგან ჩათვალეს, რომ მხოლოდ ღირსების ხაზგასმით, დოლდრიმ მთავარი გმირის დაცვა სცადა მაყურებლის უარყოფითი შეფასებისგან, რომელიც უფრო თანაუგრძნობს, ვიდრე კიცხავს ‘’სიკვდილის ბანაკის’’ ყოფილ ზედამხედველს.
მართალია, ლიტერატურული ჰანა საპატიმროში სწავლობს კითხვას, სწორედ იქ ეცნობა მოცულობით მასალას ჰოლოკოსტის სისასტიკეზე და შეცბუნებული ინანიებს საკუთარ დანაშაულს, მაგრამ პირველწყაროსგან განსხვავებით, ფილმი მოკლებულია ამგვარ აღმზრდელობით იდეოლოგიას. რეჟისორმა არ ისურვა ზნეობრივი ნორმების წინა პლანზე წამოწევით მაყურებლისთვის მორალის კითხვა, რამაც სერიოზულად აღაშფოთა ებრაელი ჟურნალისტები, რომელთაც დოლდრის ჩანაფიქრი დაიწუნეს და ჩათვალეს, რომ ‘’ყალბი ცრემლებითა და თანაგრძნობით’’ მან მხოლოდ გაამართლა საკუთარი პერსონაჟის უმეცრება, სისასტიკე და დააკნინა ჰოლოკოსტის ტრაგედიის მნიშვნელობა.
პრესის არაერთგვაროვანი შეფასების მიუხედავად ‘’მკითხველმა’’ მაინც შეძლო მაყურებლის მოწონების დამსახურება, რომელმაც პრაქტიკულად შტურმით აიღო კინოთეატრი პრემიერის დღეს. აღსანიშნავია, რომ ფილმი, რომლის ბიუჯეტმა 32-მილიონიანი, მოგებამ კი, 109 მილიონი დოლარი შეადგინა, ცნობილ რეჟისორებს სიდნი პოლაკსა და ენტონი მინგელას ხსოვნას მიეძღვნა, რომელთაც ფილმის პროდიუსირება ითავეს, თუმცა სამწუხაროდ, ორივე პრემიერამდე გარდაიცვალა.
რა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესს მეტწილად ის ისტორიული პერსონები და ნოვატორი გამომგონებლები იმსახურებენ, ვინც სამყაროს, კულტურის და მეცნიერების განვითარებაში შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ან ორიგინალური აღმოჩენით მოიპოვა აღიარება, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი სისასტიკით, დაუნდობლობით გაითქვა სახელი და ნაკლებად სასარგებლო საქმიანობით დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ისტორიაში.
სწორედ ამგვარი უარყოფითი პერსონაჟების რიცხვს მიეკუთვნება კრიმინალური სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი, მშრალი კანონისა და ‘’დიდი დეპრესიის’’ ეპოქის ლეგენდარული განგსტერი ალ კაპონე, რომელმაც არა მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულს ჩაუყარა საფუძველი ამერიკაში, არამედ ფულის გათეთრების სისტემა შემოიღო და ე.წ. ‘’რეკეტის’’ მცნება დაამკვიდრა.
ალფონსო გაბრიელ კაპონე 1899 წლის 17 იანვარს დაიბადა ნიუ-იორკში, ბრუკლინის ცნობილ კვარტალში, იტალიიდან ემიგრირებული გაბრიელ და ტერეზა კაპონეს ოჯახში. მისი მამა დალაქი, დედა კი, მკერავი იყო. ცხრა და-ძმას შორის უფროსი ალფონსო ადრეული ასაკიდანვე იშვიათი აგრესიითა და ფეთქებადი ხასიათით გამოირჩეოდა, რადგან გამუდმებით დავობდა მასწავლებლებთან და ჩხუბობდა კლასელებთან, 12 წლისამ კი, პირდაპირ გაკვეთილზე სცემა მასწავლებელი შენიშვნის მიცემისთვის.
სკოლიდან გაძევების შემდეგ კაპონე, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა ათლეტური აღნაგობით, პირიქით, ბავშვობიდანვე დაბალი, ჩასკვნილი იყო და შიშისმომგვრელი იერი, საოცრად არასასიამოვნო მზერა ჰქონდა, ჯერ ახალგაზრდულ ბანდას შეუერთდა, მერე ადგილობრივი კრიმინალების კუთვნილ საბილიარდოში Harvard Inn-ში დაიწყო შვეიცრად მუშაობა და არასასურველ კლიენტებთან საქმის გარჩევაც საკუთარ თავზე აიღო. სწორედ მაშინ აირჩია მომავალმა განგსტერმა საკუთარი გზა დანაშაულებრივ სამყაროში, იმავე პერიოდში ჩამოყალიბდა მისი ‘’კრიმინალური პორტრეტიც’’.
საბილიარდოში მუშაობისას, კაპონემ თვითონაც სწრაფად ისწავლა ‘’ბურთების გორება’’, რითაც პოზიციები გაიმყარა და საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული, თავზეხელაღებული ახალგაზრდის რეპუტაცია შეიძინა, რომელიც არც უსიამოვნებებს ერიდებოდა, არც კონფლიქტის პროვოცირებას. სწორედ საბილიარდოს მუდმივ კლიენტთან, კრიმინალ ფრენკ გალუჩიოსთან დაპირისპირებისას დაიჭრა კაპონე ლოყაში, რომელმაც მისი დის მისამართით იხუმრა ორაზროვნად. თუმცა, კაპონეს ძალიან არ უყვარდა სამარცხვინო ინციდენტის, საკუთარი მარცხის გახსენება, ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ ნიუ-იორკიდან გაქცეულმა და ჩიკაგოში გადაბარგებულმა ცრუ ისტორია გამოიგონა, თითქოს ჭრილობა პირველ მსოფლიო ომში, არგონის ტყის ბრძოლაში მიიღო, ანტანტის ცნობილი ოპერაციის დროს.
სხვათა შორის, 1932 წელს გამოსული ფილმის ‘’ნაიარევი სახის’’ მთავარი პერსონაჟის - ტონი კაპონტეს პროტოტიპად სწორედ ალ კაპონე იქცა, ცნობილი განგსტერის სახასიათო თავისებურებები შეიძინა ტონი მონტანამაც 1983 წელს დადგმულ, ბრაიან დე პალმას რიმეიქშიც, რომელშიც იტალიური მაფია ლათინოამერიკულით შეიცვალა, მთავარი როლი კი, ალ პაჩინომ შეასრულა.
ბუტლეგერებითა და სათამაშო ბიზნესით გამდიდრებული კრიმინალურ სამყარო ყოველთვის უზარმაზარ შემოსავალს განკარგავდა, ამიტომ ემიგრანტების კვარტალში, თვითონ სიღატაკეში გაზრდილი კაპონე საკუთარ ვალად თვლიდა ნაკლებად შეძლებული იტალიელების დახმარებას. სწორედ ასე გაჩნდა ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში უფასო სასადილოების მთელი ქსელი უმუშევრებისთვის და ჩაეყარა საფუძველი იტალიელი განგსტერების ქველმოქმედების ერთგვარ ტრადიციას, რომელსაც ყველა მისი მემკვიდრე უპირობოდ ასრულებდა.
ალკოჰოლური სასმელის არალეგალურად წარმოების და გაყიდვის პარალელურად, სწორედ კაპონე იყო პირველი, ვინც პროსტიტუციის ‘’მფარველობით’’ ფულის შოვნა მოიფიქრა. ბორდელები ბანდიტებთან ასწორებდნენ ანგარიშს, ისინი კი, თავის მხრივ, პოლიციასა და პოლიტიკოსებთან იყოფდნენ შემოსავალს. ასე რომ, კორუფციული სქემის ფორმირებაში, რომელიც თანამედროვე სამყაროშიც გამართულად მუშაობს, კაპონემაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა.
კრიმინალური სამყაროს ‘’ნოვატორი’’ კაპონე იქცა კონკურენტი ბანდების ტოტალური განადგურების ინიციატორიც, როცა ე.წ. ბოევიკების მთელი რაზმი შექმნა და საიმედოდ შეაიარაღა, ნამდვილი ომი მოაწყო ჩიკაგოში და 1920-იანი წლების მეორე ნახევარში 1 500-ზე მეტი კონკურენტი გაანადგურა მეტწილად ირლანდიური, რუსული, ლათინოამერიკული მაფიიდან. ამასთანავე, სწორედ მისი ინიციატივით ჩაანაცვლა იტალიურმა მაფიამ ჩვეულებრივი პისტოლეტები ჯერ ავტომატით, მერე ხელის ტყვიამფრქვევით.
განგსტერების ლიკვიდაციის სერია, რომელმაც ‘’წმინდა ვალენტინის დღის სასაკლაოს’’ სახელი შეიძინა, 1929 წლის 14 თებერვალს მოეწყო. პოლიციის ფორმაში გადაცმული ბანდიტები ავტოფარეხს დაესხნენ თავს, სადაც ბაგსი მორანის ირლანდიურ მაფიას ჰქონდა მოწყობილი კონტრაბანდული ვისკის საწყობი. ფორმიანი ადამიანების შემხედვარე ირლანდიელები მორჩილად გამწკრივდნენ კედელთან, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ სინამდვილეში კაპონეს ბოევიკების ხელში აღმოჩნდნენ, რომელთაც არავინ დაინდეს და უმოწყალოდ დაცხრილეს კონკურენტები. თუმცა, სიკვდილს გადაურჩა კაპონეს მთავარი მეტოქე - თავად ბაგსი მორანი, რომელმაც თითქოს მოლაპარაკებაზე მიწვეულმა, ავტოფარეხთან მიახლოებისას შენიშნა პოლიციელები და დროულად გაეცალა სახიფათო ტერიტორიას.
რა თქმა უნდა, კრიმინალებმაც და სამართალდამცავებმაც კარგად იცოდნენ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ალ კაპონეს ბრძანებით განხორციელდა, თუმცა მის წინააღმდეგ სამხილის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა და საქმეც სწრაფად დაიხურა. მართალია, მასიური მკვლელობები მოგვიანებითაც გაგრძელდა, მაგრამ მტკიცებულებების სიმცირის გამო კაპონეს დაკავება ისევ შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა, სწორედ წმინდა ვალენტინის დღის შემდეგ გადაწყვიტა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩიკაგოს მთავარი განგსტერის თვალთვალი და როცა ბანდიტიზმისთვის ვერ შეძლო მისი დაკავება, დახმარებისთვის საგადასახადო სამსახურს მიმართა.
კონტრაბანდით, სათამაშო ბიზნესითა და პროსტიტუციის მფარველობით განთქმულ ალ კაპონეს საკუთარი სავიზიტო ბარათიც ჰქონდა, რომელშიც სრულიად კანონიერი პროფესია - ‘’ავეჯით მოვაჭრე’’ იყო მითითებული. რა თქმა უნდა, კაპონეს შრომისმოყვარეობისა და ანტიკვარული ავეჯით გატაცების არავის სჯეროდა, მაგრამ ‘’კოლეგა’’ კრიმინალები შიშით, სამართალდამცავები კი, ანგარებითა და სარგებლის გამორჩენის სურვილით ხუჭავდნენ თვალს მის რეალურ საქმიანობაზე.
1929 წელს კაპონემ, რომელსაც სამართალდამცავებთან ერთად კონკურენტებიც ლიკვიდაციით დაემუქრნენ, თადარიგი დაიჭირა და პერსონალური ავტომობილი შეუკვეთა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ‘’კადილაკს’’, სინამდვილეში მასიური ჯავშანი ჰქონდა და 3,5 ტონას იწონიდა. საოცარი მანქანა ტყვიაგაუმტარი შუშებით, ფარული სათოფურებით და ამოსაღები უკანა შუშით იყო აღჭურვილი მდევრებისგან სროლით თავის დასაღწევად, თუმცა საბოლოოდ ავტომობილი არა იმდენად კაპონეს, რამდენადაც სპეცსამსახურებს გამოადგათ.
1933 წელს ფრანკლინ რუზველტის ჩიკაგოში ვიზიტისას მისი ავტომობილი უცნობებმა დაცხრილეს. მართალია, პრეზიდენტი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ დაიღუპა ქალაქის მერი ტონი ჩერმაკი. სწორედ მაშინ გადაწყვიტა რუზველტის დაცვამ, რომ ქვეყნის მეთაურს ბევრად საიმედო ავტომობილი სჭირდებოდა და არჩევანი რამდენიმე წლით ადრე კომფისკირებულ ‘’კადილაკზე’’ შეაჩერა.
კრიმინალური იმპერიის შემოსავალი კაპონეს წელიწადში სულ მცირე 60 მილიონი დოლარით უზრუნველყოფდა, რამაც განგსტერს ჩიკაგოსა და ფლორიდაში კერძო საკუთრების შეძენისა და შეიარაღებული დაცვის დაქირავების საშუალება მისცა. ერთგული ბოევიკები არა მხოლოდ ‘’ბოსის’’ სახლებს იცავდნენ თავგანწირვით, არამედ მასაც ყველგან თან სდევდნენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად მფარველობდნენ.
კაპონეს საკუთარი ნომრები ჰქონდა ჩიკაგოს სასტუმროებში, ცნობილ ‘’მეტროპოლიტენში’’ კი, სადაც განგსტერები ხმაურიან წვეულებებს აწყობდნენ სპეციალურად მისი ამალისთვის იჯავშნებოდა წინასწარ 50 ნომერი. ჩიკაგოს ‘’კრიმინალური მეფე’’ არანაირ მიწიერ სიამოვნებას არ იკლებდა და მართალია, ირლანდიელ მეი ო’დონელზე იყო დაქორწინებული, მაგრამ არც მეძავებთან ურთიერთობას თაკილობდა, რაც საბოლოოდ ათაშანგით დაავადების მიზეზი გახდა. ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, კაპონემ მაინც ვერ შეძლო განკურნება და მძიმე სენი საკუთარ შვილს ალბერტსაც გადასცა მემკვიდრეობით, რომელმაც თავის რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა და ნაწილობრივ დაყრუვდა, თუმცა ქალების ტრფიალში მაინც არ ჩამორჩა მამას, რამდენჯერმე იქორწინა და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.
მდიდარი კრიმინალური ბიოგრაფიის მიუხედავად, 1931 წელს ამერიკულმა ფემიდამ მხოლოდ ‘’ავეჯით მოვაჭრე’’ კაპონეს დაპატიმრება შეძლო, რომელსაც გადასახადებისგან თავის არიდებისა და 388 ათასი დოლარის გადაუხდელობის ბრალდებით მიუსაჯა 11-წლიანი პატიმრობა. მართალია, ფედერალური ბიუროს ოპერაცია, რომელსაც თავად ჰოვარდ გუვერი ხელმძღვანელობდა, კანონდარღვევით განხორციელდა, რაზეც ამერიკულმა მართლმსაჯულებამ თვალი დახუჭა, მაგრამ შედეგმა გაამართლა. კაპონე ალკატრასის მკაცრი რეჟიმის საპატიმროში აღმოჩნდა, სადაც შვიდი წელი გაატარა.
ხანგრძლივმა პატიმრობამ განგსტერს ძალაუფლება და კრიმინალურ სამყაროზე გავლენა დააკარგვინა. საპატიმროში არც ადმინისტრაციამ ისურვა მისი წარსული ‘’დამსახურების’’ გათვალისწინება, არც პატიმრებმა და ოდესღაც ‘’ბოსების ბოსი’’ რიგით პატიმრად იქცა, რომელიც დანითაც კი დაჭრეს ზურგში, როცა უარი თქვა ბუნტში მონაწილეობაზე. მართალია, ჭრილობა მსუბუქი, ნაკლებად სახიფათო იყო, მაგრამ ბევრად მტკივნეული აღმოჩნდა დაკარგული რეპუტაცია, რომლის აღდგენა განგსტერმა ვერც ციხიდან ვადამდე გათავისუფლების შემდეგ მოახერხა.
კაპონეს ჯერ კიდევ ციხეში უღალატა ჯანმრთელობამ, როცა უკურნებელმა ათაშანგმა შეახსენა თავი, მეხსიერების პრობლემებს კი, 1939 წელს ინსულტი და ნაწილობრივი დამბლა დაემატა. მეტიც, ამბობდნენ, თითქოს ერთ დროს უძლეველ განგსტერს გონებაც დაებინდა და თავისი უაზრო ქცევით პატარა ბავშვს დაემსგავსა.
ლეგენდარული განგსტერი 1947 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა პნევმონიითა და ინფარქტით, სიკვდილის წინ კი, როგორც ნამდვილმა კათოლიკემ აღსარება თქვა და ყველა ცოდვა მოინანია.
მართალია, განგსტერული სამყაროს ლიდერი გარდაიცვალა, მაგრამ კინემატოგრაფისტების წყალობით ეკრანზე გააგრძელა ცხოვრება. ათწლეულების მანძილზე რეჟისორებმა 20-მდე ბიოგრაფიული ფილმი დადგეს და ისეთ ცნობილ მსახიობებს მიანდეს კაპონეს როლის შესრულება, როგორიც როდ სტაიგერი, ჯეისონ რობარდსი, ბენ გაზარა და რობერტ დე ნიროა. კაპონეს გავლენით შეიქმნა თითქმის ყველა მთავარი პერსონაჟი 1980-იანი წლების განგსტერულ კინოში, 2020 წელს კი, ტომ ჰარდიმ განასახიერა ლეგენდარული კრიმინალი ჯოშ ტრანკის ფილმში ‘’კაპონე. ნაიარევი სახე’’.
უყურადღებოდ არ დატოვეს ‘’ჩიკაგოს კრიმინალური მეფე’’ არც მუსიკოსებმა, მათ შორის მაიკლ ჯექსონმა, რომელმაც ალბომში Bad, სწორედ მას მიუძღვნა სიმღერა Al Capone, ჯგუფმა Queen-მა კი, კომპოზიცია Stone Cold Crazy შეასრულა, რომლის მთავარ გმირს სწორედ კაპონედ ეზმანება საკუთარი თავი. როგორც ჩანს, სიზმარი ლეგენდარულ განგსტერზე კიდევ დიდხანს არ მოასვენებს კინო - და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებიც დღემდე შესაშური ენთუზიაზმით იკვლევენ დეტალებს კაპონეს ბიოგრაფიიდან.