რა მოცულობის თანხას ხარჯავენ ჩინელი ტურისტები უცხოეთში ვიზიტისას. ალბათ გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს არის მილიარდობით დოლარი. 2019 წელს 155-მა მილიონმა ჩინეთის მოქალაქემ იმოგზაურა უცხოეთში და ამ პერიოდში მათ ჯამში 254 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს. ჩინელი ტურისტები ყველაზე ხშირად სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას, ახალ ზელანდიას, ავსტრალიას იაპონიას და ევროპას სტუმრობენ. რაც შეეხება საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს, 6 თვეში ქვეყანაში, ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 316%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტორთა რაოდენობა 48 ათასს შეადგენდა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, შემცირდა. უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი კი, საქართველოში ბუნებრივია, რიცხვებს გაზრდის როგორც ჩინეთის მოქალაქეების, ასევე ხარჯვით ნაწილში. ყოველ შემთხვევაში ლოგიკური მოლოდინი ყველას ასეთი გვაქვს, რამდენად გამართლდება პროგნოზები, ამას უკვე მოგვიანებით ოფიციალური სტატისტიკიდან შევიტყობთ.