ყოფილ "საპარტნიორო ფონდს", რომელიც საქმიანობას „საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელით აგრძელებს, ახალი სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი ჰყავს. შესაბამისი ცვლილებები ბიზნეს რეესტრის ამონაწერში უკვე აისახა. დავით საგანელიძემ, რომელიც "საპარტნიორო ფონდს" ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, პოსტი დატოვა. ფონდის ახალი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და მისი მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე იქნებიან. რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭო უკვე დატოვეს პრემიერმა და მინისტრებმა- ლევან დავითაშვილმა, ლაშა ხუციშვილმა, ოთარ შამუგიამ და ირაკლი ქარსელაძემ. ახალი საბჭო დაკომპლექტდა, რომელსაც 4 წევრი ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კი დავით საგანელიძემ გადაინაცვლა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ დამტკიცდა „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდებაც. წესდებით განისაზღვრა ფონდის დაფინანსების წყაროები. ამასთან, წესდების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია, ყოველი წლის დასაწყისში განსაზღვროს საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებში მოხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება. თუ პროექტი ერთზე მეტ პრიორიტეტს ესადაგება, მაშინ მასზე გამოსაყოფი სახსრები გადანაწილდება იმ პრიორიტეტზე, რომელიც ძირითადია იმ კონკრეტული პროექტისთვის.