სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, სამი ზღვის ინიციატივის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე - საინვესტიციო პანელში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესგარემოზე ისაუბრა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა რუმინეთის საინვესტიციო სააგენტოს დირექტორთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. შეხვედრების ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო უპირატესობებსა და კერძო სექტორის მხარდამჭერ სახელმწიფო მექანიზმებზე. ბიზნესფორუმში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ევროკავშირის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მაღალი დონის წარმომადგენლები.