ბევრი ჩვენგანის მსგავსად, სიმღერის აკვიატება თურმე სტივენ კინგსაც ჰყვარებია. როგორც ახლახან მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა მწერალმა განაცხადა, ლუ ბეგას 1999 წლის ჰიტს, Mambo No. 5-ს, იმდენად ხშირად უსმენდა, რომ ცოლი განქორწინებითაც კი დაემუქრა.
"ჩემი ცოლი განქორწინებით დამემუქრა, რადგან ამ სიმღერას ძალიან ხშირად ვუსმენდი. საცეკვაო სიმღერების ფლეილისტი მქონდა გაკეთებული და მანამდე ვუსმენდი, სანამ ცოლმა არ მითხრა, კიდევ ერთხელ ჩართავ და მიგატოვებო", — ამბობს სტივენ კინგი.
საბედნიეროდ, სტივენ და ტაბიტა კინგები 1971 წლიდან დღემდე დაქორწინებულები არიან და სამი შვილი ჰყავთ. რაც შეეხება Mambo No. 5-ის გარდა სხვა აკვიატებულ ჰიტებს, სტივენ კინგმა ამის შესახებაც ისაუბრა.
"წერის პროცესში რამდენიმე ტიპის მუსიკის მოსმენა შემიძლია. მათი უმეტესობა ტექნო და დისკო ჟანრებს მიკუთვნება, თუმცა ძირითადად ტექნოს ვუსმენ. ჯგუფებიდან LCD Soundsystem-ს გამოვარჩევ, რომელიც ძალიან მიყვარს", — დასძინა სტივენ კინგმა.
როგორც მწერალმა განმარტა, ზოგიერთი მომღერლის მუსიკის მოსმენისას წერა რთულია, რადგან სიმღერის სიტყვების დიდ ყურადღებას აქცევს. ტექნო, დისკო და სხვა ჟანრების შემთხვევაში კი, წერა და მუსიკის მოსმენა ერთდროულად შეუძლია