ლოს-ანჯელესის ქალაქის საბჭომ მერლინ მონროს სახლის დანგრევა შეაჩერა
ლოს-ანჯელესში მდებარე მერლინ მონროს ერთადერთი სახლი შესაძლოა აღარ დაინგრეს. ისტორიული შენობის დანგრევის ნებართვა ქალაქის საბჭოს წევრმა ტრეისი პარკმა შეაჩერა.
გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ლეგენდის ერთადერთ სახლს დაანგრევენ. მუნიციპალურმა სამსახურმა ამჟამინდელ მფლობელს შენობის დანგრევის და მის ადგილას ახალი ნაგებობის აშენების ნებართვა გასცა. პარკის განცხადებით მან გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა და მინიმალურ დროში შეძლო ნებართვის დროებით შეჩერება:
"მე და ჩემმა გუნდმა რეაგირება მყისიერად მოვახდინეთ. სამწუხაროდ მშენებლობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. მე ვიცავ ჩვენი ქალაქის მდიდარ ისტორიასა და მემკვიდრეობას. სამშენებლო კომპანიები ფულადი მოგების გამო ანადგურებენ ჩვენს ქალაქს. ამას არ დავუშვებ".
პარკსის ძალისხმევით ქალაქის საბჭო რიგგარეშე შეიკრიბა და შენობის დანგრევის ნებართვა დროებით შეაჩერა. საბჭომ ასევე მონროს სახლისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე დაიწყო მუშაობა. პროცედურას სულ 75 დღე დასჭირდება.
1929 წელს აშენებულ შენობაში ოთხი საძინებელი და სამი სააბაზანო ოთახია. ერთ-ერთი ფანჯრიდან კი ძველი ჰოლივუდის ხედი იშლება.
ამ სახლში 1962 წლის 4 აგვისტოს მერლინ მონრო გარდაცვლილი იპოვეს.