ევროკომისიამ დაადასტურა სასანქციო კანონმდებლობის ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა იკრძალება. ამის შესახებ ევროკომისიის ახალ განმარტებებში წერია. საზღვრის გადაკვეთა, ასევე, იზღუდება რუსების პირადი ნივთებით, როგორიც არის სმარტფონები, სამკაულები, ლეპტოპები, რაც აკრძალულ იმპორტად ითვლება. ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პერიოდით შედის ევროკავშირში ავტომობილი რუსული ნომრით და რა საბაჟო პროცედურას გადის, როგორიც არის, მაგალითად, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება თუ დროებითი იმპორტი. ამასთან, ევროკომისია განმარტავს, რომ ევროკავშირის თითოეული ქვეყანა თავად წყვეტს, თუ როგორ შეასრულოს სანქციები და ევროკომისიის აღნიშნული განმარტებები იურიდიულად სავალდებულო არ არის.