მთავრობამ ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ სისტემის ფარგლებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი, სათანადო კომპენსაციას იმ შემთხვევაშიც მიიღებს, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს.