უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 80-120 რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური გაანადგურეს.
აღნიშნული განცხადება უკრაინის გენშტაბის რადიოელექტრონული ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, ივან პავლენკომ გააკეთა.
„განადგურებული სადგურების სტატისტიკას რაც შეეხება, ის 80-120 სადგურის ფარგლებში მერყეობს. თუ ჩავთვლით მხოლოდ დიდ სადგურებს, ასეთი 60-70 ერთეულია განადგურებული“, - განაცხადა პავლენკომ.
მისი თქმით, რუსი სამხედროების განკარგულებაში არსებული დრონების საწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობა უპრეცედენტოა, მაგრამ სანქციები მაინც მუშაობს და ფრონტზე ბევრი ჩინური შემადგენელი და უხარისხო მოწყობილობა გამოჩნდა.
„თუ ავიღებთ ტერიტორიას ზაპოროჟიედან ლიმანამდე, ფრონტის ზოგიერთ უბანზე ორივე მხრიდან ჰაერში ერთდროულად 250-300 დრონი მუშაობს. 2022 წლის მდგომარეობით, თანამედროვე ომში დრონების გამოყენების მასშტაბი არც ერთ უცხოელ ექსპერტს არ წარმოუდგენია", - განაცხადა რადიოელექტრონული ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.