საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 სექტემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ოსლოში გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ ულევაალ სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა. მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების წევრმა, ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.
ვილი სანიოლმა აქცენტი ესპანეთთან გამართული შეხვედრის ანალიზზე გააკეთა და გულშემატკივარს პირობა მისცა, რომ ნორვეგიის წინააღმდეგ განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ. მოსალოდნელია, რომ თბილისში განცდილი კრახის შემდეგ სასტარტო თერთმეტეულში რიგი ცვლილებები იქნება და არ არის გამორიცხული ტაქტიკური გადაადგილებაც ვიხილოთ მოედანზე. მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.