ისრაელში მეცნიერებმა მინიატიურული ცოცხალი ორგანიზმი შექმნეს, რომელიც არაფრით განსხვავდება ადამიანის ემბრიონისგან განვითარების ადრეულ ეტაპებზე. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ამისთვის ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერებს არ გამოუყენებიათ არც კვერცხუჯრედი და არც სპერმატოზოიდო - ემბრიონის მოდელი ღეროვანი უჯრედებისგან გაზარდეს. კერძოდ, გამოიყენეს 120 ასეთი უჯრედი, საჭირო პროპორციაში შეაზავეს და შემდეგ დაკვირვება დაიწყეს.
სპეციალისტების თქმით, მათ მიერ შექმნილი მოდელი გამოიყურება ისე, როგორც ჯანმრთელი ადამიანის ემბრიონი ჩასახვიდან 2 კვირის შემდეგ. ზრდის პროცესში მან ის ჰორმონებიც კი გამოიმუშავა, რომლებსაც მეცნიერები ორსულობის ტესტის ჩატარებისას იყენებენ. ორსულობაზე ჩატარებულმა ტესტმა დადებით პასუხი აჩვენა.
მეცნიერები ემბრიონების მოდელებს ახალი სიცოცხლის ჩასახვის ადრეული პერიოდის ეთიკურად შესწავლის მიზნით ქმნიან. სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან პირველი კვირების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს მომავალი ადამიანისთვის. მაგრამ ამ გადამწყვეტ დროს ხდება მუცლის მოშლის ფაქტების უმეტესობა და საფუძველი ეყრება მომავალი ორგანიზმის თანდაყოლილი დეფექტების ჩამოყალიბებას. ეს მოვლენები ცუდად არის შესწავლილი, ამიტომ მეცნიერები ხელოვნურ მოდელებს ქმნიან.
სპეციალისტების განმარტებით, ვეიცმანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ მიღებული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექსპერიმენტის შედეგად პირველად გახდა შესაძლებელი ადამიანის ემბრიონის სრული სტრუქტურის აწყობა ღეროვანი უჯრედებისგან ლაბორატორიაში, რის შედეგადაც მეცნიერებს გაუჩნდათ შესაძლებლობა შეისწავლონ ადამიანის სხეული ფორმირების პროცესები.