საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად, 27%-დან 10% -მდე შემცირდა - აღნიშნულის შესახებ DRG-ის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ. სხდომაზე სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელის 10 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები, განიხილეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიო დომენტეს შეფასებით, ქვეყანაში DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა. ვფიქრობთ, პროცესების ანალიზი უნდა გაგრძელდეს, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სისტემას და ამასთანავე საქართველოს შესაძლებლობას მისცემს თავისი წარმატება რეგიონის სხვა ქვეყნებს გაუზიაროს", - განაცხადა სილვიო დომენტემ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა, DRG მოდელის გაფართოების აუცილებლობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, დაფინანსების ახალი სისტემა მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას შეეხება. შეგახსენებთ, რომ დაფინანსების DRG-მოდელი ქვეყანაში 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა.