აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს შორის, უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით თანხმობა არსებობდა. შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა 9 და 10 სექტემბერს „დიდი ოცეულის“ სამიტს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტის ტექსტში უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე საუბარი არ არის. ნაცვლად ამისა, აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანთა უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. უკრაინულმა მხარემ დეკლარაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ სამიტი წარმატებით დასრულდა და დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს.