ტელეკომპანია NBC-ის ღამის შოუს წამყვან ჯიმი ფელონს თანამშრომლები მტრული სამუშაო გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. The Rolling Stone-ის გამოქვეყნებულ მასალებში 14 ყოფილი და 2 ახლანდელი თანამშრომელი ანონიმურად საუბრობს ფელონთან მუშაობის უარყოფით გამოცდილებაზე.
მათი თქმით, შოუს მთლიანი გუნდი და განსაკუთრებით, ჯიმი ფელონი, დამამცირებლად ეპყრობოდათ. ისინი ტელეწამყვანს არაფხიზელ მდგომარეობაში მუშაობაშიც სდებენ ბრალს. მათი თქმით, თუ წინა ღამეს ჯიმი დასალევად იყო წასული, მეორე დღეს მისთვის მაქსიმალურად უნდა აერიდებინათ თავი, რომ რამე შეურაცხმყოფელი არ ეთქვა. ფელონის სასმელთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხმები 2015 წლიდან დადიოდა. 2017 წელს კი ამბობდნენ, რომ მას სამსახურში სასმლის სუნი ასდიოდა და მთვრალივით იქცეოდა.
თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ჯიმისთვის უარის თქმას ყველა ერიდებოდა, "მის გარშემო თითისწვერებზე დადიოდნენ" და თუ ფელონი ცუდ ხასიათზე იყო, დღეს გარშემომყოფებსაც ჩააშხამებდა. ისინი ჰყვებიან, რომ სამუშაო ადგილას არსებული პრობლემების გამო თვითმკვლელობაზეც ფიქრობდნენ და შოუს გასახდელებს "ტირილის ოთახებად" იყენებდნენ.
Rolling Stone-ის თქმით, 80 თანამშრომლიდან, რომელთაც დაუკავშირდნენ, ნაწილმა ინტერვიუზე უარი თქვა, დანარჩენებიდან კი ფელონის პიროვნება დადებითად არც ერთს
დაუხასიათებია, მისთვის მხარი არ დაუჭერიათ და მხოლოდ მისი ნიჭი შეაქეს.
9 წლის განმავლობაში, რაც ჯიმი ფელონი ღამის შოუს წამყვანია, შოუმ უამრავი მენეჯმენტი გამოიცვალა, რასაც თანამშრომლები ფელონის პრობლემური პიროვნებით ხსნიან. მათი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სიტუაცია შედარებით გამოსწორდა და რამდენიმე თანამშრომელმა პრობლემები HR-თან დააფიქსირა.
არც ტელეკომპანიას და არც თავად ჯიმი ფელონს ბრალდებების უარყოფა არ უცდია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი თანამშრომლებს ზუმში შეხვდა და ბოდიში მოუხადა.
"ვერც კი გადმოვცემ, რამდენად ცუდად ვგრძნობ თავს. ვწუხვარ, თუ თქვენს ოჯახებსა და მეგობრებთან შეგარცხვინეთ. მინდა, რომ ეს შოუ სახალისო და ყველასთვის ინკლუზიური იყოს, საუკეთესო შოუ საუკეთესო ხალხით", — თქვა მან.
რაც შეეხება ტელეკომპანიის განცხადებას, NBC-მ ბრალდებები არ უარყო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ ისიც აღნიშნეს, რომ როდესაც თანამშრომლებს რომელიმე პრობლემაზე უსაუბრიათ, მათ შესაბამისი ზომები მიუღიათ და ამას მომავალშიც გააგრძელებენ. ფელონის შემთხვევაზე ტელევიზიას კომენტარი არ გაუკეთებია.