ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრები გუნდურში ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველ ეტაპზე საბერძნეთს დამაჯერებლად, 4:1 აჯობა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს ეთერ ასკილაშვილმა, ნინო ლოლაძემ, თამაზ კობერიძემ და გიორგი ბადუაშვილმა. მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა პორტუგალიის ნაკრებსაც უპრობლემოდ სძლიეს - 4:1.
ამჯერად შალვა გურეშიძემ, კოტე კაპანაძემ, ნინო პაპიძემ და ლოლაძემ გაიმარჯვეს, ხოლო მარცხი კობერიძემ განიცადა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს უფრო რთული მეტოქე ჰყავდა, საფრანგეთი, თუმცა გამარჯვება მაინც მოახერხა, თანაც საკმაოდ დამაჯერებლად - 4:2. გურეშიძემ, კობერიძემ, გიორგი ტერაშვილმა და ლოლაძემ თავიანთი მეტოქეები დაამარცხეს, პაპიძე და ასკილაშვილი კი დამარცხდნენ.
ქართველი ძიუდოისტები ფინალშიც შეუჩერებლები იყვნენ და ნიდერლანდებს იოლად, 4:1 მოუგეს. ბოლო, საჩემპიონო ბრძოლა თამაზ კობერიძემ ბრწყინვალე სტილში იპონით მოიგო. ამგვარად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ინდივიდუალურ პირველობაშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა (თენგო ზირაქაშვილი, გიორგი ტერაშვილი და შალვა გურეშიძე - ოქრო, ლუკა ბაბუციძე - ბრინჯაო), რითაც პირველი ადგილი დაიკავა.