რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, სომეხი ოფიციალური პირების განცხადებები, თითქოს რუსეთმა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღი ჩააბარა, არ შეესაბამება რეალობას. ლავროვი ამბობს, რომ 2020 წლის ნოემბერში გაფორმებულ სამმხრივ შეთანხმებაში ყარაბაღის სტატუსზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა დასძინა, რომ მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ დაკისრებულ მისიას მთიან ყარაბაღში და რომ რუსეთი, სავარაუდოდ, თავად ტოვებს რეგიონს. მოსკოვში ამ სიტყვებმა უკმაყოფილება გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის რიტორიკას მიუღებელი უწოდა.