გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით, რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სტიქიის ზონაში დაკარგულია სამი ადამიანი, რომელთაგანაც ორს ოზურგეთში, ერთს კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეძებენ.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გურიის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ამ ეტაპზე, სამ ადამიანს ეძებენ. ორი მათგანს ოზურგეთში, ერთს კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობას, ამ წუთისთვის, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვერტმფრენის საჭიროება იყოს”, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.