ხვალ, 9 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრების მეტოქე ავსტრალია იქნება, შეხვედრა კი პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ავსტრალიასთან გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობა დაასახელა:
ხაზში იქნებიან დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, დემურ თაფლაძე, მერაბ შარიქაძე, მირიან მოდებაძე, ლუკა მატკავა და ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება შემდეგნაირად დაკომპლექტდა: ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი, გურამ პაპიძე, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, თორნიკე ჯალაღონია, ლუკა ივანიშვილი და ბექა გორგაძე.
მარქაფაში კი ვიხილავთ თენგიზ ზამთარაძეს, გურამ გოგიჩაშვილს, ბექა გიგაშვილს, ლაშა ჯაიანს, გიორგი ცუცქირიძეს, გელა აფრასიძეს, თედო აბჟანდაძეს და გიორგი კვესელაძეს.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დღეს მასპინძელი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მატჩით გაიხსნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:50 საათიდან დაიწყება.