გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი უარყოფს. მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. აღნიშნულ საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ რომ ღარიბაშვილი ამერიკაში პირადი ხარჯებით გაემგზავრა, ოპოზიციონერი დეპუტატები კი ღარიბაშვილს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ.