სტრასბურგის სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება კანონიერი და ევროპული კონვენციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყო. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავებაში პოლიტიკური მოტივები არ იკვეთებოდა და მომჩივნის არგუმენტები არ გაიზიარა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის ივნისის აქციის მსვლელობისას ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პარლამენტში შეჭრას ეცადა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო 30,000 ლარის ოდენობით შეეფარდა. სასამართლომ მისი ელექტრონული მეთვალყურეობა დააწესა.
2020 წლის 1-ელ ნოემბერს მიმდინარე აქციაზე, ნიკანორ მელიამ პროტესტის ნიშნად ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური მოიხსნა, რითაც გირაოს პირობები დაარღვია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს თანხა 40,000 ლარით გაზარდა. ვინაიდან ნიკანორ მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეეცვალა. გირაოს თანხის შეტანის შემდეგ, იგი 2021 წლის 10 მაისს გათავისუფლდა.
ევროპულმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია (წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად) სრულად გაიზიარა და მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.