საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რამდენიმე ვარსკვლავის გარეშე იასპარეზებს ბაქოს გრანდ სლემზე, რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქი 22-24 სექტემბერს უმასპინძლებს.
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მოახლოებულ ტურნირზე ტატამიზე 16 ქართველი ძიუდოისტი (14 კაცი+2 ქალი) გავა, საიდანაც 14 მამაკაცი და 2 ქალია. მათშორის ვერ ვხედავთ ტატო გრიგალაშვილს (81 კგ.), ლაშა ბექაურს, ლუკა მაისურაძესა და ბექა ღვინიაშვილს (ყველა – 90 კგ.).
საქართველოს ნაკრები გრანდ სლემზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგება: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი, თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100 კგ.).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
ბაქოს გრანდ სლემზე ამ დროისთვის 61 ქვეყნის 371 ძიუდოისტი (217 კაცი, 154 ქალი) დარეგისტრირდა. განრიგის თანახმად, 22 სექტემბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 23 სექტემბერს – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 24 სექტემბერს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი National Gymnastics Arena-ზე თბილისის დროით სამივე დღეს 17:00 საათზე დაიწყება.
შარშან ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები წარმატებით ნამდვილად არ გამოსულა. კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოახერხეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, მასპინძელმა აზერბაიჯანმა კაცებში 7-დან 4 წონა მოიგო.