* ფრიდა კალო -
მართლაც არაჩვეულებრივი ცხოვრება და შემოქმედება ჰქონდა ლეგენდარულ მექსიკელ მხატვარს ფრიდა კალოს, რომელმაც დიდ სიყვარულსაც გაუსინჯა გემო და დიდ ტკივილსაც, ბედნიერებაც გამოცადა და იმედგაცრუებაც, საკუთარი გრძნობები და განცდები კი, უნიკალური, საოცრად თვითმყოფადი და კოლორიტული ნამუშევრებით გადმოსცა.
* გერმანული ფესვები -
მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო 1907 წლის 6 ივლისს დაიბადა მეხიკოს გარეუბანში, ფეშენებელურ კაიოაკანეში. მისი მამა კარლ ვილჰელმი შეძლებული გერმანელი იუველირების შთამომავალი იყო, რომელიც ახალგაზრდობაში, მხოლოდ სამოგზაუროდ გაემგზავრა მექსიკაში, თუმცა ულამაზესი მექსიკელი ქალის გაცნობისა და გერმანული სახელის ესპანურ ყაიდაზე გილიერმოდ გადაკეთების შემდეგ სამუდამოდ დასახლდა კონტრასტების ქალაქად წოდებულ მეხიკოში. დედისგან ფრიდამ იმპულსურობა და ექსპრესია, მამისგან კი, მიზანდასახულობა და გერმანული დისციპლინარულობა მიიღო მემკვიდრეობად.
გოგონა ლონდრეს ი ალიენდეს ქუჩაზე, ე.წ. „ლურჯ სახლში“ გაიზარდა, სადაც დღეს მისი მუზეუმია გახსნილი. საოჯახო მეურნეობას დედა - დესპოტური, დეპრესიისკენ მიდრეკილი მატილდა უძღვებოდა, რომელსაც ფრიდა ხუმრობით „ბოსს“ ეძახდა, რადგან 11-შვილიან ოჯახში გაზრდილ მატილდას, რომელიც ადრეული ბავშვობიდან მეურვეობდა უმცროს და-ძმას, არც თვითონ გამოეცადა დედის სითბო და სიყვარული, არც შვილებისთვის შეეძლო არაფრის შეთავაზება.
* „ფრიდა - ხის ფეხი“ –
6 წლის ფრიდა პოლიომიელიტით გახდა ავად. მძიმე ავადმყოფობამ მთელი 9 თვით მიაჯაჭვა საწოლს აქტიური და მოუსვენარი გოგონა. სწორედ მაშინ გამოცადა ფრიდამ პირველად გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც მოგვიანებით მთელ მის ცხოვრებად იქცა.
მართალია, გოგონა გამოჯანმრთელდა, მაგრამ ატროფირებულმა კუნთებმა სამუდამოდ დააკოჭლა, რის გამოც მეზობლის ბავშვებმა მეტად გულსატკენი ზედმეტსახელი „ფრიდა - ხის ფეხი“ შეარქვეს. შვილზე მზრუნველობა მამამ ითავა და კომპლექსური ვარჯიშების მთელი სერიაც მოიფიქრა, რაც 1900-იანი წლების მექსიკისთვის მეტად უჩვეულო აღმოჩნდა, მით უფრო პატარა გოგონასთვის რესპექტაბელური, მეტად პატივცემული ოჯახიდან, რადგან გორგოლაჭებით და ველოსიპედით სეირნობა, ნიჩბოსნობა და ბურთის თამაში სუფთა მამაკაცურ გატაცებად ითვლებოდა.
დროთა განმავლობაში კოჭლობა ნაკლებად შესამჩნევი გახდა, თუმცა დასუსტებული ფეხი ჯანმრთელთან შედარებით ბევრად შეთხელდა, რასაც ფრიდა სიცოცხლის ბოლომდე გრძელი კაბით ან შარვლით მალავდა.
* ძალადობის მსხვერპლი -
პოლიომიელიტის გამო ფრიდა, რომელიც უმცროს დასთან ერთად მიაბარეს საბავშვო ბაღში, თანატოლებზე გვიან ჩაირიცხა დაწყებით სკოლაში, მერე კი, მამის სურვილით ჩააბარა გერმანულ ლიცეუმში, თუმცა მხოლოდ ერთი წელი ისწავლა, რადგან ურჩობისა და ზედმეტი პრინციპულობისთვის გარიცხული პირდაპირ სპეციალურ სკოლაში გაამწესეს, საიდანაც მშობლებმა იხსნეს, როცა ერთ-ერთი პედაგოგის სექსუალურ ძალადობას ემსხვერპლა.
1922 წელს ფრიდა ელიტარულ სახელმწიფო სკოლაში მიიღეს, რომლის 2 ათას მოსწავლეს შორის მხოლოდ 35 გოგონა იყო, ფრიდა კი, საუკეთესოთა შორის ირიცხებოდა, რადგან მედიკოსობაზე მეოცნებე სერიოზულად დაინტერესდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, განსაკუთრებით ბიოლოგიითა და ანატომიით.
* მექსიკური იდენტობა -
მოზარდი კალო ძალიან ბევრს, ნებისმიერი შინაარსის, მათ შორის საგაზეთო პუბლიკაციებს კითხულობდა და აქტიურად ინტერესდებოდა პოლიტიკითა და სოციალური პრობლემებით. სწორედ ამგვარმა გატაცებამ უბიძგა ერთგვარი ნაციონალიზმისკენ, რაც მექსიკური იდენტურობის ახლებურად გააზრებას, ინდიელთა მემკვიდრეობის პროპაგანდას და კოლონიალური სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას გულისხმობდა.
16 წლის კალოზე განსაკუთრებული გავლენა მისმა სკოლის მეგობრებმა მოახდინეს, ვისთან ერთადაც არაფორმალური ორგანიზაცია „კაჩუჩას“ ჩამოაყალიბა. სხვათა შორის, სწორედ ორგანიზაციის მეამბოხე, ბუნტისთავი წევრები იქცნენ მოგვიანებით მექსიკის ინტელექტუალურ ელიტად, თავად კალო კი, რომელმაც დაბადების თარიღი შეიცვალა და მექსიკის რევოლუციას - 1910 წელს დაამთხვია, საკუთარი თავი „რევოლუციის შვილად“ გამოაცხადა და აქტიურად შეუდგა ჯერ დიასის დიქტატურის, მერე თავისუფლებისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას.
* ავარია -
1925 წელს ფრიდა საზარელმა ავარიამ იმსხვერპლა და მხოლოდ საოცრებით გადაურჩა სიკვდილს, რადგან ავტობუსი, რომლითაც მგზავრობდა ტრამვაის შეეჯახა და უმძიმეს ტრავმებთან ერთად ხერხემალიც სერიოზულად დაიზიანა. მედიკოსები შიშობდნენ, რომ კალო საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპებოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მოგვიანებით 35 ოპერაცია გადაიტანა, იშვიათი სიჯიუტითა და სიცოცხლის წყურვილით გამოირჩეოდა.
* ავტოპორტრეტები -
მთელი წლით საწოლს მიჯაჭვული ფრიდა ისევ მამამ იხსნა, რომელმაც მისი საწოლის თავზე სარკე დაკიდა, მერე კი, სპეციალური მოლბერტი შეუკვეთა და საღებავებით მოამარაგა. სწორედ მაშინ დაიწყო ფრიდამ ხატვა, თუმცა ჯერ გულდასმით შეისწავლა საკუთარი სახე და მხოლოდ შემდეგ შეუდგა ავტოპორტრეტებზე მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ მხატვრის შემოქმედებაში სწორედ ავტოპორტრეტები ჭარბობს, რომლებიც მართალია, სრულიად განსხვავებულ ამპლუაში, განსხვავებულ განწყობაზე შეიქმნა, მაგრამ მაინც ავტორის ნაღვლიანმა თვალებმა გააერთიანა, „ფრიდას ყველანაირი როლის მორგება შეეძლო, მხიარულიც იყო, თავნებაც და ძალიან მამაციც, თუმცა სევდა მის თვალებში ყოველთვის ავლენდა მის ნამდვილ, ტკივილით და განცდით სავსე ბუნებას, რაც ყველაზე კარგად სწორედ მის პორტრეტებში აისახა“, - აღნიშნა მოგვიანებით მხატვრის მეუღლემ დევიდ რივერამ.
* სპილო და პატარა ჩიტუნა -
სწორედ დიეგო რივერა - მექსიკური მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იქცა ფრიდას ყველაზე დიდ სიყვარულად. წყვილმა 1929 წელს გაიცნო ერთმანეთი, მართალია არავის სჯეროდა რომ მექალთანე დიეგო ფრიდას მართლა შეუყვარდებოდა, მაგრამ სწორედ მათი რომანტიკული ისტორია და არასტაბილური, თუმცა ვნებებით სავსე ცხოვრება იქცა ლეგენდად, „ჩემს ცხოვრებაში ორი ავარია იყო, როცა ავტობუსი ტრამვაის დაეჯახა და როცა დიეგოს შევხვდი“, - გაიხსენა მოგვიანებით კალომ, რომელსაც ყოველთვის თავდავიწყებით უყვარდა, როგორც თვითონ ხუმრობით ამბობდა, „20 წლით უფროსი, 20 სანტიმეტრით მაღალი და 100 კილოგრამით მძიმე დიეგო“, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ახლობლებმა მათ ურთიერთობას „სპილოსა და პატარა ჩიტუნას ქორწინება“ უწოდეს.
საქორწინო ცერემონიას მხოლოდ ფრიდას მამა ესწრებოდა, რომელიც პირველ რიგში დიეგოს სამოსმა გააკვირვა. ე.წ. ამერიკულ სტილში გამოწყობილ რივერას კოვბოის უზარმაზარი შლიაპა ამშვენებდა, ფრიდამ კი, დღესასწაულისთვის მკვიდრი ინდიელების გრძელი ქვედა ბოლო და ტრადიციული შარფი - რებოზო შეარჩია მხრებზე მოსახვევად. მოგვიანებით რივერამ გაიხსენა, რომ „მართალია, დონ დიეგო დიდხანს ითმენდა, მაგრამ ცერემონიის დროს თავი ვეღარ შეიკავა და აღშფოთებულმა წამოიყვირა, რომ სამარცხვინო კომედიას ვაწყობდით და დრო იყო შეგვეწყვიტა“.
აღსანიშნავია, რომ კალო ყოველთვის აქტიურ პროპაგანდას უწევდა მექსიკურ კულტურას, რასაც პირველ რიგში საკუთარი სამოსით უსვამდა ხაზს, თუმცა არც ევროპულ სტილზე ამბობდა უარს. მეტიც, სწორედ ფრიდა იქცა პირველ მექსიკელ ქალბატონად, რომელიც შარვლით გამოჩნდა პუბლიკაზე.
* აუხდენელი ოცნება -
კალოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „ჰენრი ფორდის საავადმყოფო“ მის ყველაზე ნაღვლიან ნახატად ითვლება, რადგან ფრიდა დიდხანს ნატრობდა ბავშვის შეძენას, თუმცა სულ ამაოდ. მართალია, ავარიის შემდეგ ექიმებმა ოცნების სამუდამოდ დავიწყება ურჩიეს, მაგრამ ფრიდამ არაფრად ჩააგდო მედიკოსების დიაგნოზი და სამჯერ სცადა ბავშვის გაჩენა, თუმცა ექიმების შემდეგ საკუთარმა ორგანიზმმაც სასტიკი განაჩენი გამოუტანა.
მორიგი გართულების შემდეგ, ფრიდა ისევ კლინიკაში მოხვდა და სწორედ იმედგაცრუებულმა, ბედს შეგუებულმა შექმნა ყველაზე ტკივილიანი ნახატი.
* „ფესვები“ -
კალოს საუკეთესო ნამუშევრებს შორისაა „ფესვებიც“, რომელიც დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად ითვლება ლათინოამერიკელი მხატვრების ნამუშევრებს შორის. მართალია, ზეთის საღებავით ლითონის ფურცელზე შესრულებული ავტოპორტრეტი 2000 წელს მხოლოდ 5,6 მილიონ დოლარად გაიყიდა აუქციონზე, მაგრამ 2021 წლის შეფასებით, მისი ფასი 11 მილიონამდე გაიზარდა და სავარაუდოდ რამდენიმე წლის შემდეგ 20 მილიონ დოლარს მიაღწევს.
* პიკასოს საჩუქარი -
1939 წლის იანვარში ფრიდა საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც მისი რამდენიმე ნამუშევარი გამოიფინა. მართალია, მოკრძალებული გამოფენა, რომელმაც „მექსიკის“ სახელი შეიძინა, არც განსაკუთრებულ პოპულარობას ჰპირდებოდა, არც ფინანსურ წარმატებას, მაგრამ კალო მაინც კმაყოფილი დაბრუნდა სამშობლოში, რადგან სწორედ ის ევროპელი მხატვრები გაიცნო, ვისაც მექსიკიდან ეთაყვანებოდა. მეტიც, აღფრთოვანებულ ჟოან მიროს არ ჩამორჩა არც ვასილ კანდინსკი, რომელსაც როგორც ამბობენ, ცრემლები მოადგა მისი ნამუშევრების შემხედვარეს. მექსიკელი მხატვრის ნახატებით თავად პიკასოც დაინტერესდა, რომელმაც მცირე საჩუქარი გაუკეთა კალოს და მეგობრობის ნიშნად ხელის ფორმის ვერცხლის საყურე უსახსოვრა.
სხვათა შორის, მხატვრის სამშობლოში მხოლოდ 1953 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა, როცა ამპუტირებულმა ფეხმა და დამძიმებულმა ჯანმრთელობამ კალოს საკუთარ გამოფენაზე მისვლის საშუალება წაართვა, თუმცა ფრიდამ არც ამ შემთხვევაში დაიხია უკან, ჩვეული სიჯიუტე გამოიჩინა და რკინის საწოლით მიბრძანებულმა თავად უმასპინძლა გამოფენაზე შეკრებილ კოლეგებს.
* La Casa Azul –
„ცისფერ სახლში“, რომელმაც თავისი ფერის წყალობით შეიძინა სახელი, დღეს ფრიდა კალოს მუზეუმია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, მხატვრის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებისას, მუზეუმის მესვეურებმა ორ საიდუმლო ოთახს მიაკვლიეს, სადაც 5 ათას უცნობ ფოტოსა და 22 ათას დოკუმენტს, 170-მდე კაბასა და კორსეტს, 100-ზე მეტ კალოს ნახატსა და 200-მდე ესკიზს მიაკვლიეს დიეგო რივერას ავტორობით.
* Frida Kahlo Corporation –
უცნაურია, მაგრამ ვენესუელაში 1990-იანი წლებიდან არსებობს კომპანია Frida Kahlo Corporation, რომელსაც მართალია არაფერი აკავშირებს ფერწერასთან, მაგრამ წარმატებით უშვებს მხატვრის სახელით სხვადასხვა პროდუქტს - ტანსაცმლით და ფეხსაცმლით დაწყებული, კოსმეტიკური საშუალებებითა და საიუველირო ნაწარმით დასრულებული.