OPEC-ის დე ფაქტო ლიდერი, საუდის არაბეთი საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდებას წლის ბოლომდე არ გაუზრდის. უფრო მეტიც, მთავრობა მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დღიური წარმოება დამატებით შემცირდეს, რაც ბირჟაზე ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ ივნისში საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1 მილიონი ბარელით შეამცირა, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ამ გადაწყვეტილებით ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ OPEC-ის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკური მოკავშირეა.
საუდის არაბეთი ამჟამად რუსეთისთვის ხელსაყრელ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რაც იმ მარტივი მიზეზით არის განპირობებული, რომ არაბეთის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტს საკმაოდ კარგი, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მუჰამედ ბინ სალმანი და ვლადიმერ პუტინი უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან სტრატეგიულად თანამშრომლობენ, ეს ურთიერთობა კი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მიუღებელია. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, საუდის არაბეთმა უნდა შეწყვიტოს გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება და ნავთობის მიწოდება გონივრულ ნიშნულს დაუბრუნოს.