საფრანგეთში რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. სხვადასხვა გამოცემები ბევრს წერენ მოახლოებულ დაპირისპირებებზე. სხვებთან ერთად, სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში საქართველოს ნაკრებიც მოექცა – „ბორჯღალოსნებისგან“ ამ მსოფლიო თასზე სიურპრიზებს ელოდებიან.
„ბი-ბი-სიმ“ ხუთი ახალგაზრდა მორაგბე გამოარჩია, ვის თამაშსაც სპეციალისტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. მათ შორის საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი, დავით ნინიაშვილიც მოხვდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ნინიაშვილი იმ მორაგბეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც თითქმის ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ასევე შეტევის დროს. გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ 21 წლის ქართველს საერთაშორისო დონეზე თამაშის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მას საოცარი სისწრაფე, მოქნილობა და მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრის შესანიშნავი უნარი აქვს.
ბიბისის განცხადებით, დავითი საფრანგეთის TOP 14-ის „ლიონშიც“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და ამ გუნდის მაისურით დასამახსოვრებელი მატჩები აქვს ჩატარებული.
გამოცემამ, ნინიაშვილის გარდა, ხუთეულში ავსტრალიელი კარტერ გორდონი, არგენტინელი ხუან მარტინ გონსალესი, სამხრეთ აფრიკელი ქენან მუდი და საფრანგეთის ნაკრების წევრი, ლუი ბიელ-ბიარიც დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.