გიორგი მოისწრაფიშვილმა დინამო თბილისი დატოვა და ბელგიურ „ბევერენში“ გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელი ბელგიელებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ბელგიურ გუნდს მომდევნო ზაფხულს მისი გამოსყიდვა შეეძლება. ქართველი შემტევი ნახევარმცველი „ბევერენში“ 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ცნობისთვის, „ბევერენი“ ბელგიის მე-2 ლიგაში თამაშობს, სადაც ოთხ ტურში მოპოვებული 4 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 სექტემბერს, ბელგიის თასზე „ვირტონთან“ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მოისწრაფიშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში მან 66 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მცირე პერიოდი კი იჯარით თელავშიც გაატარა (13 თამაში, 1 გოლი). საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მის ანგარიშზე 12 შეხვედრაში 3 გოლია.