ჩავი „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ესპანური მედიის ცნობით, კატალონურმა კლუბმა და მწვრთნელმა პრაქტიკულად გააფორმეს ხელშეკრულების გაგრძელება გაუმჯობესებული პირობებით. ის 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ჩავის მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება.
ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ამ კვირას არ გამოაცხადებენ – გარიგება უნდა დახუროს კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმ, ის კი შვებულებაში წავიდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.
აღნიშნავენ, რომ „ბარსელონაში“ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჩავი უნდა დარჩეს თავის პოსტზე. კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ძალიან კმაყოფილია მწვრთნელის მუშაობით და იმით, რომ მას ესმის „ბარსელონას“ ფინანსური სიტუაცია.
ჩავი „ბარსელონას“ 2021 წლიდან ავარჯიშებს. გასულ სეზონში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა.