ჰამბურგში მსოფლიო რეკორდი დამყარდა - ერთ ადგილას ერთდროულად ჰარი პოტერის კოსტიუმში გამოწყობილი ყველაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ Bild-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შაბათს, გერმანული ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცნობილი ჯადოქრის ფორმაში გამოწყობილი ათასობით ბავშვი და ზრდასრული შეიკრიბა. მათ შავი მანტიები ეცვათ, ეკეთათ სათვალეები. ღონისძიება ჯოან როულინგის პირველი წიგნის გამოცემიდან 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ორგანიზატორების შეფასებით, ერთდროულად მოედანზე მაქსიმუმ 1 748 ჰარი პოტერი იმყოფებოდა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია, თუმცა ჯამში ღონისძიებას 4 453 გადაცმული ადამიანი დაესწრო.
წინა ანალოგიური რეკორდი 2017 წელს ავსტრალიაში დამყარდა. მაშინ ჰარი პოტერის როლი ერთ-ერთი სკოლის 997 მოსწავლემ ერთდროულად მოირგო.