იაპონელი ნანამი Seven Seas ნაგურა წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ კონკურსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ნაგურამ 35,8 ქულა დააგროვა და უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა ჩემპიონატში, რომელშიც 2014 წლიდანაა ჩართული.
ჩემპიონატი ყოველწლიურად ფინეთში, ქალაქ ოულუში იმართება. მონაწილეები გიტარაზე დამკვრელების მოძრაობების იმიტირებას ახდენენ და წარმოსახვით გიტარაზე „უკრავენ“. მათ ფონოგრამაზე ან ცოცხლად სიმღერაც შეუძლიათ. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მონაწილეები წინასწარ მომზადებულ ერთწუთიან კომპოზიციას „უკრავენ“, მეორე ეტაპზე კი მათ ორგანიზატორების მიერ შერჩეული ფონოგრამის თანხლებით იმპროვიზაცია უწევთ.
წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1996 წელს ჩატარდა.