ტეილორ სვიფტმა 31 აგვისტოს თავისი ტურის დოკუმენტური ფილმის პრემიერა დააანონსა. ტურის ფილმის გაყიდული ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ 3 საათში $26 მილიონს მიაღწია და ფილმს კომპანია AMC თეატრების ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პირველი დღე ჰქონდა.
სვიფტმა მსოფლიო ტურნე მარტში დაიწყო და აშშ-ში უკვე დაამთავრა კიდეც. ფანები და მედია ვარაუდობდნენ, რომ პოპვარსკვლავი ტურის დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებდა და ასეც მოხდა — მუსიკოსმა ფანებისთვის, რომელთაც ტურზე წასვლა ვერ შეძლეს ან ამ გამოცდილების გამეორება სურთ, ერას ტურის დოკუმენტური ფილმის პრემიერა დააანონსა, რომლის ნახვაც ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში მაყურებელს 13 ოქტომბრიდან შეეძლება.
სვიფტის ფილმის ბილეთებს ორი კომპანია AMC Theatres და Fandango ყიდის. ტურის დოკუმენტურ ფილმს Fandango-ს წლის ყველაზე გაყიდვადი პირველი დღე ჰქონდა. ამ რეკორდით ერას ტურის დოკუმენტურმა ფილმმა Spider-Man: No Way Home-ს აჯობა, რომელიც პირველობას $16.9 მილიონით ინარჩუნებდა.
გაზრდილი მოთხოვნის გამო, AMC-მ ფილმის დამატებითი ჩვენებები დაამატა. აქამდე ადგეგმილი იყო, რომ 13 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე სვიფტის ფილმს ყოველ კვირაში ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით დღეში ოთხჯერ მაინც აჩვენებდნენ.
კომპანია Fandango-ს თანამშრომლს თქმით, ეს გაყიდვები კინოთეატრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის შემდეგ ადამიანები კინოში სიარულს გადაეჩვივნენ, რის გამოც ინდუსტრიაში კრიზისი დაიწყო, ამასთან, სცენარისტების გაფიცვის ფონზე ფილმების გადაღებებმა და შესაბამისად, გამოსვლამაც გადაიწია.
ტეილორ სვიფტის ერას ტური 3 საათი და 15 წუთი გრძელდება, თუმცა, როგორც AMC-ში ამბობენ, ფილმი უფრო მოკლე იქნება და ეკრანზე 2 საათისა და 45 წუთის განმავლობაში გავა. სვიფტმა ფილმის ბილეთების ფასიც სიმბოლური აარჩია — $13.13 ბავშვებისთვის (რადგან 13 მისი საყვარელი რიცხვია) და $19.89 (იმის გამო, რომ ბოლო ალბომი, რომელსაც სვიფტი უშვებს, 1989 ტეილორის ვერსიაა.