საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 67-ე სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირში ინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ექვსი თვის ანგარიში, რომელიც სხვადასხვა უწყებების ჩართულობით მომზადდა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ევროპელ კოლეგებს უახლოეს მომავალში წარედგინება. სხდომის წევრებმა იმსჯელეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. განიხილეს ახლო მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.