გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ამსტერდამის „აიაქსის“ რიგებში, რომელიც ერედივიზიონში „სიტარდს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც ნიდერლანდების კლუბში „მეციდან“ ორი დღის წინ გადავიდა, პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და შეუცვლელად ათამაშეს.
გიორგი მიქაუტაძე მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, ცენტრალური თავდამსხმელის უკან, უფრო შემტევ ნახევარმცველად გაამწესეს. ცენტრალურ თავდამსხმელად მან 72-ე წუთზე გადაინაცვლა, როდესაც მოედანი ბრაიან ბრობიმ დატოვა.
ერედივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრაში „სიტარდს“ სწრაფადვე შეეძლო ანგარიში გახსნა. ტიჯანი ნოსლინიმ მეათე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
ქართველ თავდამსხმელს თანაგუნდელებთან შეუთამაშებლობა ეტყობოდა, მას გადაცემებითაც არ ამარაგებდნენ, მაგრამ 81-ე წუთზე თავად შექმნა მომენტი, მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარემ მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.„აიაქსი“ ერედივიზიონში გამართული ოთხი ტურის შემდეგ თავისთვის უჩვეულო, მე-11 ადგილზეა ხუთი ქულით.