ქართველი ფეხურთელების გუნდებმა სერია B-ში მორიგი შეხვედრები ჩაატარეს, მაგრამ მესამე ტურის მატჩებში მოედანზე „ჯვაროსნებიდან“ მხოლოდ ერთმა ითამაშა.
იტალიაში გადასული ივა გელაშვილი „სპეციას“ განაცხადში პირველად მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა. ქართველი მცველის გუნდი „კატანძაროს“ ესტუმრა და 3:0 დამარცხდა. „სპეციამ“ მე-20 წუთზე დაწინაურების მშვენიერი შანსი გაანიავა – ლუკა მორომ პენალტი გააფუჭა. მასპინძლებმა კი მეორე ტაიმში რომაზო ბიაჩის (53), დიმიტრიოს ნიკოლაუს (59 – ავტოგოლი) და მარკო პომპეტის (73) გოლებით 3:0 მოიგეს.
პირველ ორ ტურში უთამაშებლობის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება წარმატებული გამოდგა. მისი გუნდი „ტერნანას“ ესტუმრა. კრემონელების საქმე 61-ე წუთზე გართულდა, როდესაც ცენტრალურ მცველს, ლუკა რავანელის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენეს და მოედნიდან გააძევეს.
კაცნაკლული „კრემონეზე“ დაცვაში არ ჩამჯდარა და 4 წუთში დაწინაურდა. მთავარი კი ისაა, რომ ეს გოლი ლუკა ლოჩოშვილის აქტიურობას მოყვა – ქართველი მცველის დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი მასიმო კოდამ გაიტანა.
სერია B-ში გამართული მე-3 ტურის შემდეგ „სპეცია“ მხოლოდ ერთი ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო „კრემონეზე“ (4) სეზონში პირველი გამარჯვებით მე-9 ადგილზე დაწინაურდა.