უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ „ხელშეკრულება“ უნდა დაიდოს. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება და ყირიმის ნახევარკუნძულზე ოფიციალური კიევის ნებისმიერი პრეტენზია კი უნდა გამოირიცხოს. ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის საუკეთესო შანსი აშშ-ს ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება. განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო პასუხობს. მისი თქმით, უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს. ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აუცილებლად აგებს.