რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ჩაშლილი ამბოხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აფრიკაშია.
"ვმუშაობთ. ტემპერატურა +50-ია. "ვაგნერი" სადაზვერვო და სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს, რუსეთს კიდევ უფრო დიდს ხდის ყველა კონტინენტზე, აფრიკას კი უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება - აფრიკელი ხალხისთვის. ცხოვრებას კოშმარად ვუქცევთ "ისლამურ სახელმწიფოს", "ალ-ქაიდას" და სხვა ბანდიტებს", - აცხადებს პრიგოჟინი "ტელეგრამში" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, ივნისში "ვაგნერის" დაახლოებით 5 000-მა ჯარისკაცმა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზე კონტროლი დაამყარა და სამხედრო ხელმძღვანელობის ჩამოგდების მიზნით მოსკოვისკენ დაიძრა, თუმცა, კრემლთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით გაიმართა, პრიგოჟინმა წინსვლა შეაჩერა. ამბოხების დასრულების შეთანხმების თანახმად, პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და მას ბელარუსში გადასვლა შესთავაზეს.