რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ “მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საელჩოებს შორის მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიმოწერის თანახმად, იგეგმება, რომ შეთანხმებაში თურქეთი ორგანიზატორის როლში გამოვა, ხოლო კატარი - სპონსორის. ახალი პროექტის ფარგლებში “რუსული მარცვლეულის” მიწოდება ღარიბ ქვეყნებში იგეგმება, მეტწილად აფრიკაში. ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, რომ მარცვლეულის წინა შეთანხმებაც აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გადიოდეს.
ანკარა, ასევე, გაეროს ეგიდის ქვეშ მოქმედების წინადადებით გამოდის.
Bild-ის ინფორმაციით, ახალი შეთანხმება უკვე ამ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში შეიძლება გაფორმდეს. უნგრეთში ასევე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავა.