აშშ-ის ჯორჯიის შტატის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესში მონაწილე ნაფიცი მსაჯულების პირადი ინფრმაციების გავრცელების შესახებ გამოძიება დაიწყეს. BBC-ის ინფორმაციით, გარკვეული დროის მანძილზე სასამართლო პროცესში მონაწილე პირების პირადი ინფორმაცია ონლაინ პლატფორმებზე ხელმისაწვდომი იყო, მაშინ, როდესაც მათი ვინაობა ანონიმური უნდა ყოფილიყო. 15 აგვისტოს ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა. გამოძიების ჩატარება, ნაწილობრივ,გაჟონილმა სატელეფონო ჩანაწერმა გამოიწვია, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯიის საარჩევნო უწყების უმაღლეს თანამდებობის პირს „11 780 ხმის მოძიებას“ სთხოვს. ეს ტრამპისთვის წაყენებული მეოთხე საბრალდებო აქტია.