მიმდინარე წლის 10 მაისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველი 63 კანდიდატი სოლო თეორიულ გამოცდაზე გავიდა, მათგან 57 გავიდა ტანდემ თეორიულ გამოცდაზეც.
თეორიულ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გადალახა.
ამის შესახებ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციამ „ინტერპრესნიუსს“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე აცნობა.
ფედერაციაში განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი თეორიული გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას უფლება აქვს, გამოცდის საფასურის ხელმეორედ გადახდის შემდეგ, იმავე დღეს გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.
მათივე ცნობით, გამოცდის საფასური, განმეორებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, არ იცვლება და როგორც სოლო, ისე ტანდემ თეორიული გამოცდის შემთხვევაში 60 ლარს შეადგენს.
პირს, რომელსაც სოლო და ასევე ტანდემ თეორიული გამოცდის ჩაბარება სურს, ჯამში 120 ლარის გადახდა მოუწევს.
ფედერაციის ინფორმაციით, სოლო პრაქტიკული გამოცდის იმ კატეგორიაში, რომელიც მოიცავს დინამიურ ნაკადში ფრენას გამოცდაზე გავიდა 49 მფრინავი და გამოცდა ვერ ჩააბარა მხოლოდ 2-მა მათგანმა. აქედან, სოლო პრაქტიკული გამოცდის იმ კატეგორიის გამოცდაზე, რომელიც მოიცავს თერმულ ნაკადში ფრენას, გავიდა 44 მფრინავი და გამოცდა ვერ ჩააბარა 7-მა კანდიდატმა.
ფედერაციის ინფორმაციით, სოლო პრაქტიკულ გამოცდაში ჩაჭრის შემთხვევაში კანდიდატს უფლება აქვს გამოცდის საფასურის ხელმეორედ გადახდის შემთხვევაში იმავე დღეს გავიდეს გამოცდაზე. პრაქტიკული ნაწილის გამოცდაზე გასვლის ღირებულება ნებისმიერი კატეგორიის და ასევე განმეორებითი გამოცდის შემთხვევაში 180 ლარს შეადგენს.
პრაქტიკულ ტანდემ გამოცდაზე გავიდა 33 მფრინავი და გამოცდა ვერ ჩააბარა სამმა კანდიდატმა.
ტანდემ პრაქტიკულ გამოცდაში ჩაჭრის შემთხვევაში, მფრინავს განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს, შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე, 1 თვის შემდეგ.
„მფრინავის ლიცენზიის მიღების იმ მსურველმა, რომელსაც პარაპლანით ფრენის გამოცდილება არ აქვს, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში (პარაპლანით ფრენის შემსწავლელ სკოლაში/კლუბში) უნდა გაიაროს შესაბამისი სწავლების კურსი. აღნიშნულის შემდგომ, შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოცდებში, კონკრეტული კატეგორიის მისაღებად“,- განაცხადა პარაგლაიდინგის ფედერაციაში.
ამასთან, კითხვაზე, რამდენად ვალიდურია საქართველოში გაცემული ლიცენზია პარაპლანის მართვის თაობაზე, სხვა ქვეყნებში, ფედერაციაში განმარტეს: „საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია, საქართველოს კანონმდებლობითა და მფრინავისთვის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მინიჭებისას ხელმძღვანელობს საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAl) სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო მოთხოვნებით – „CIVL SafePro Para“ (მიღებული 2021 წლის 1 მაისს). ფედერაციის მიერ გაცემული მფრინავის ლიცენზიის ვალიდურობა უცხო ქვეყანაში, დამოკიდებულია, მოცემულ სახელმწიფოში, პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებზე“.
ცნობისთვის, პარაპლანით ფრენების დაწყებისთვის საჭირო სამუშაოების ფარგლებში, ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი გრძელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, პარაპლანით ფრენა გუდაურის გარდა შესაძლოა, კიდევ 11 ლოკაციაზე დაუშვან.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი, კახეთი, მესტია, ბახმარო, გოდერძი, ბაკურიანი და სხვა ტერიტორიები.
ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.
აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.
კანონში აღნიშნული ცვლილება მოჰყვა 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შემთხვევას ბორტზე მყოფი რვა პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.