თბილისის მერია ქსნის ქუჩაზე, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე კლდის ფრაგმენტის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემის შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტში არცერთი განაცხადი არ ფიქსირდება.
გარდა ამისა, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სიცრუეა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით.
„ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე დღეს ჩამოიშალა კლდის ფრაგმენტი, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე პირველი შემთხვევაა. აქამდე ქვათაცვენა ამ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შემოსულა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ტყუილია რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი განაცხადი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემის შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება.
ასევე სიცრუეა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტი არ მდებარეობს, უახლოესი მშენებლობა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმონ მერიის პრესსამსახურთან“,-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.