სახალხო დამცველის რეკომენდაციას ერთ-ერთი აბიტურიენტისათვის დამატებითი საგამოცდო სესიის ჩატარების თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება და აცხადებს, რომ რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ცენტრი განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თაობაზე ცენტრმა იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრში ვერ აღასრულებდნენ 28 ივლისს შესულ სასამართლოს განჩინებას, ვინაიდან ისტორიის საგანში დამატებითი სესია 25 ივლისს ჩატარდა და სესიაზე გამოყენებული ტესტური დავალებები უკვე გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე. საგამოცდო ცენტრმა სასამართლოს დროებითი განჩინება გაასაჩივრა და დეტალურად განმარტა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.